Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს" - საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ განმარტება მოითხოვა


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა დაიწყო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას შეკითხვით. საქმის არსებითი ნაწილის განხილვამდე, მან საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, რატომ არ ესწრებოდა სხდომას სალომე ზურაბიშვილი.

ის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კითხვად დასვა, მანამდე პოლიტიკური შეფასების სახით განაცხადა საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთმა წარმდგენმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

"პრეზიდენტის არჩამოსვლა არის უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა", - თქვა ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყების წინ.

სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიხსნა. პრეზიდენტის უფლებებს იცავენ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი.

გთავაზობთ კითხვა-პასუხის ფრაგმენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის.

მოსამართლე მერაბ ტურავა: სანამ სიტყვას გადავცემთ წარდგინების ავტორებს და პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მინდა ვიკითხო, საქართველოს პრეზიდენტმა არ ისურვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და თქვენ, როგორც მისი წარმომადგენლები, მოგავლინათ ამ შემთხვევაში... თქვენ მხოლოდ სამართლებრივ მხარეს წარმოადგენთ იმპიჩმენტთან დაკავშირებით თუ შეხვდით საქართველოს პრეზიდენტს და გარკვეული ხართ იმ ფაქტობრივ გარემოებებში, რომელიც საფუძვლად უდევს ამ წარდგინების ტექსტს?..

იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო...

მაია კოპალეიშვილი, პრეზიდენტის წარმომადგენელი​: ეს გამორიცხულია. საქართველოს პრეზიდენტს ჰყავს წარმომადგენლები ჩვენი სახით... ჩვენ მიმართ საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა სრული ნდობა, ვართ მისი ნდობით აღჭურვილი პირები. არა მხოლოდ სამართლებრივ, ყველა ფაქტობრივ საკითხზე გვაქვს ინფორმაცია... ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, რომ თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა. პირიქით, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას, პირიქით, დიდი პატივისცემა აქვს.

მერაბ ტურავა: ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად...

მაია კოპალეიშვილი​: იმპიჩმენტთან დაკავშირებით პროცედურა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არ ჰქონია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედებს ის წესები, რაც ორგანულ კანონშია გათვალისწინებული მხარეებისთვის... საკონსტიტუციო სასამართლომაც, როცა პრეზიდენტს გამოუგზავნა წერილი, პირდაპირ არის მითითებული, რომ პრეზიდენტს შეუძლია ჰყავდეს წარმომადგენელი...

მერაბ ტურავა: ალბათ, ისე არ მოხდება, რომ თქვენ რომ დააფიქსირებთ პოზიციას, პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის: "ეს იურისტების პოზიციაა, მე რა ვიცი, მე ხომ იურისტი არ ვარ, იმათ გააკეთეს ასეთი განმარტება, მე ასე არ ვფიქრობ". მე გამიკვირდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ზის დარბაზში, რომელმაც, წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო, თქვენთან ერთად რომ არ არის წარმოდგენილი...

თამარ ჩუგოშვილი, პრეზიდენტის წარმომადგენელი: პირველ რიგში, ვერ ვხვდები, რატომ ვხარჯავთ ამაზე ამდენ დროს...

მერაბ ტურავა: ჩვენ გამოვხატავთ პრეზიდენტის წარმომადგენლების მიმართ სრულ ნდობას და პატივისცემას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რატომ არ მონაწილეობს, თუ პრეზიდენტი არ მონაწილეობს პროცესში, ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ მაინც შეგვიძლია ეს საკითხი აქ დავასრულოთ.

რამდენიმე კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტები საზღვარგარეთის ქვეყნებში.

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი (საჭირო იყო მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა).

მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა. ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

ამ პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს განაგრძობს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.

XS
SM
MD
LG