საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჟორჟოლიანი. მისი დანიშვნის შესახებ მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აცნობა.
ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატია 2017 წლიდან. ის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა.
2024 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო რევაზ ჯაველიძე. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა.
ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებამდე იყო ცნობილი, რომ იგი ადმინისტრაციაში ცვლილებებს აპირებდა. თანამდებობის დაკავების შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის შეცვლა იყო.