Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამა, მთავრობა და კანონი: ჩეჩნეთში მუსიკის ტემპიც კადიროვს დაემორჩილება


მალე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ძალაში შევა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ყველა მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნამუშევარი უნდა შეესაბამებოდეს ტემპს - წუთში 80-დან 116 დარტყმამდე.

ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა მუსა დადაევმა აპრილის დასაწყისში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.

თავად ამ მოთხოვნას კი, როგორც ყველა სამთავრობო გადაწყვეტილებას, საფუძვლად დაედო ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადგილობრივი კოლექტივების მიერ შესრულებული მუსიკა არა მხოლოდ „ჩეჩნურ მენტალიტეტს“, არამედ ჩეჩნურ „მუსიკალურ რიტმსაც“ უნდა შეესაბამებოდეს.

ამასთან, ჩეჩენ მინისტრს არ განუმარტავს გადაწყვეტილების იურიდიული საფუძველი და არც ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ რიტმის გამოთვლა. და შეეხება თუ არა ეს შეზღუდვა, მაგალითად, "ლეკურის" მუსიკას, რომლის ჰანგებზეც ხშირად უყვარს ცეკვა რამზან კადიროვს?

"ძალიან ბრიყვული გადაწყვეტილებაა"

ის, რაც გაფართოებულ სხდომაზე ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა აუდიტორიას დაუსახა მიზნად, სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს რესპუბლიკის შემოქმედებით და მუსიკალურ კოლექტივებს. მუსა დადაევის თანახმად, არტისტებმა ამა წლის 1 ივნისამდე უნდა გადაწერონ თავიანთი კომპოზიციები, რომლებიც არ აკმაყოფილებს შეთავაზებულ კრიტერიუმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აეკრძალებათ საჯაროდ გამოსვლა.

მთავარი კრიტერიუმია რიტმი და ტემპი - ჩეჩნეთის ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნამუშევრის ტემპი წუთში 80-დან 116 დარტყმას უნდა შეესაბამებოდეს.

ცნობა: მუსიკის ტემპი იზომება წუთებში (ინგლისური BPM – beats per minute) და ის მიუთითებს წუთში შესრულებული მეოთხედი ნოტების რაოდენობაზე. როგორც წესი, გამოიყენება ტემპები წუთში 40-დან 200-მდე ან მეტი დარტყმის ოდენობით, ხოლო წუთში 80-116 დარტყმის დიაპაზონი ზომიერიდან ენერგიულისკენ გარდამავალ ტემპებს შეესაბამება.

ჩეჩნეთის კულტურის სამინისტრის მიერ განსაზღვრული დიაპაზონის მიღმა აღმოჩნდება ბევრი ცნობილი ნაწარმოები. მათ შორის, რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი, რომლის რიტმიც წუთში 76 დარტყმაა. არ გაუმართლებს თვით ჩეჩნეთის ჰიმნსაც - იქაც წუთში 76 დარტყმა. ასევე სიმღერას "გამარჯვების დღე" ("День Победы"), რომელიც მეტისმეტად რიტმულია - წუთში 126 დარტყმა. ხოლო კუნტახაჯინის სუფიური საძმოს (კლანის) ზიქრის რიტმი 126 დარტყმას აღწევს. ამ სუფიურ საძმოს მიეკუთვნება თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელსაც ხშირად უყვარს საზეიმო ღონისძიებებზე „ლეკურის“ ჰანგებზე ცეკვა.

"როგორ უნდათ, შეცვალონ უკვე არსებული "ლეკური", რომელსაც 120 დარტყმა აქვს? უნდა გადაწერონ? დარწმუნებული ვარ, ეს სიმღერები უბრალოდ გაქრება ეთერიდან! ისინი დარჩება კასეტებზე, მაგრამ ზოგიერთ ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილე პირებს მათი გამოყენების უფლება არ ექნებათ. მეცინება ამაზე, მაგრამ ამავე დროს თავს ძალიან უმწეოდ ვგრძნობ“, - უთხრა „კავკაზ.რეალიის“ რედაქციას ანონიმურობის დაცვით ერთ-ერთმა ჩეჩენმა მომღერალმა, რომელმაც ჩეჩნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ბრიყვული“ უწოდა.

ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილების გამო გაუგებრობაში აღმოჩნდება რამზან კადიროვის საყვარელი მომღერალი, მაკა მეჟიევა, რომლის პრაქტიკულად ყველა სიმღერის რიტმი 120 დარტყმიდან იწყება, ხოლო თავად კადიროვის პატივსაცემად შექმნილი კომპოზიცია 125 დარტყმამდე ადის.

„ესაა გზა ჩიხისკენ“

რამზან კადიროვის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ჩეჩნეთის პრომოსკოვურმა ხელისუფლებამ აშკარად დაკარგა დროის შეგრძნება. იმაზე მეტი საზრუნავი არ აქვს, თუ რა ტემპში უნდა სრულდებოდეს მუსიკა? - კითხულობს ევროპაში მცხოვრები თეატრალური რეჟისორი და მწერალი, საიდ ხაჩუკაევი.
„ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შემსრულებლების მხრიდან აღარ მოდიოდეს ინიციატივა. ეს არის ჩიხისკენ მიმავალი გზა", - უთხრა ხაჩუკაევმა „კავკაზ.რეალიის“.

ის იხსენებს გასული საუკუნის 80-იან წლებს, როდესაც მაშინდელი ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროში მოქმედებდა "მეთოდური კაბინეტი", რომელიც ზუსტად იმავეს აკეთებდა, რასაც ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელისუფლება აკეთებს:

"ეს კაბინეტი ჩვენი კულტურისთვის სულ ერთიანად გასართობ მელოდიებს ამტკიცებდა. ყველაფერი ველურ, სწრაფ, გააფთრებულ რიტმში იყო. ეს მიზანმიმართულად კეთდებოდა, რათა ადამიანებს არ ეგრძნოთ მელოდიის სილამაზე, სიმღერების ლირიკა და სულიერება. აი, დღესაც ეს ხდება", - ამბობს ხაჩუკაევი.

"რესპუბლიკაში არის "მამა", ხელისუფლება და კანონი"

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეჩნეთის ხელისუფლება კულტურის სფეროს გაკონტროლებას ცდილობს. მაგალითად, 2019 წელს კულტურის მინისტრმა ჰოჟ-ბაუდი დააევმა (პროფესიით მშენებელმა) მოყვარული არტისტები გააკრიტიკა. ის აღშფოთებული იყო იმით, რომ კონცერტებს ატარებდნენ არაპროფესიონალი მომღერლები, რომლებიც ოფიციალურად არ ფლობდნენ კულტურის მუშაკების სტატუსს.​

მაშინ ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროში მოითხოვეს, რომ თითოეული შემსრულებლის კომპოზიციები დაემტკიცებინა სპეციალურ კომისიას, რომელიც გააკონტროლებდა იმას, რომ ყველაფერი, რაც მასებს მიეწოდებოდა, მკაცრად ყოფილიყო შესატყვისი ჩეჩნურ მენტალიტეტთან.

"არსებობს წესი და რიგი: რესპუბლიკაში არის "მამა", მთავრობა და კანონი. ჩვენ კი ხუმრობის უფლებას არავის მივცემთ", - განაცხადა მაშინდელმა მინისტრმა ჰოჟ-ბაუდი დააევმა.

ჩეჩნეთის ამჟამინდელი კულტურის მინისტრი, მუსა დადაევი, რომელიც მანამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, კულტურისგან ასევე საკმაოდ შორს დგას. თუმცა მის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ჩეჩნური ტრადიციების, მენტალიტეტისა და რიტმის დაცვა უდევს საფუძვლად.

"ჩეჩნების მუსიკალური კულტურა მრავალფეროვანი იყო ტემპითა და მეთოდოლოგიით. ჩვენ უნდა შევიტანოთ ხალხში და ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას უნდა გადავცეთ ჩეჩნური კულტურული მემკვიდრეობა: წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, ჩვენი ადათები, ნოხჩალა-ჩეჩნური ხასიათის თავისებურება, რომელიც მოიცავს ჩეჩნური ყოფის მორალურ, ზნეობრივ და ეთიკურ ნორმებს", - აღნიშნა 6 აპრილის სხდომაზე მუსა დადაევმა.

ჩეჩნეთში კულტურული სფეროს კონტროლის მცდელობები გაგრძელდა 2020 წელს, როდესაც მინისტრად ჩეჩნეთის მეთაურის უფროსი ქალიშვილი, 22 წლის აიშატ კადიროვა დაინიშნა. ცხადია, ეს გადაწყვეტილება თავად რამზან კადიროვისგან მოდიოდა. მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს აიშატმა შექმნა "უხამსობის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი", რომელიც წყვეტდა, თუ რომელ არტისტებს უნდა მისცემოდათ სცენაზე გამოსვლის უფლება ჩრდილოეთ კავკასიის ამ რესპუბლიკაში.

აკრძალვა შეეხოთ იმ ჩეჩენ მომღერლებს, რომლებსაც არ სურდათ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, მისი გარდაცვლილი მამისა და სხვა ნათესავების პატივსაცემად სიმღერების შესრულება. უცნობია ახალგაზრდა დამწყები ჩეჩენი მომღერლის აზიზა ეტიევას ბედი, ჩეჩნეთიდან გაძევებულია ნიჭიერი თამილა სუგაიპოვა, შემსრულებლები ელინა შოიპოვა, ხედა ხამზატოვა, სალმირა არ მღერიან ჩეჩნეთში, ხოლო მომღერალი ზელიმ ბაკაევი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული მას შემდეგ, რაც იგი 2017 წლის აგვისტოში გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG