Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიზანშეწონილია შეიცვალოს“ - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ე.წ. აგენტების კანონზე


გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, რომლებიც „აგენტების კანონს“ ეხებოდა. მისი თქმით, კანონპროექტის ამჟამინდელი ფორმით ამოქმედებას ბევრი ორგანიზაცია ეწინააღმდეგება. კაკაურიძის აზრით, მიზანშეწონილია, რომ დოკუმენტი შეიცვალოს.

„კანონი ძალაში როგორი შევა, მთავარი ეს არის. ამ ფორმით შესვლაზე ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის - ქვეყნები. ამიტომ საუბარი იყო როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დიალოგის შესაბამისად, შესაძლებელია ის პრობლემური საკითხები, რომელიც არის, შეიცვალოს, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რომელსაც მიაჩნია, რომ კანონპროექტში გამჭვირვალობის ნაწილი უნდა შენარჩუნდეს, თუმცა სხვა ნაწილში შესაძლებელია შესწორებების შეტანა, - ის, რაც არის გარკვეული შეუთანხმებელი საკითხები და რომლის გასწორება შესაძლებელია… გამჭვირვალობის პრობლემა, მე მგონი, არავის არ უნდა ჰქონდეს. გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია შეიცვალოს.

შესაძლებელია შეიცვალოს დასახელებები, ტერმინოლოგია, ბევრი ის თემა, რომელიც შეუთანხმებელია გარკვეულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ა.შ. გამჭვირვალობაზე პრობლემა, მე მგონი, არავის არ უნდა ჰქონდეს. თუ გამჭვირვალობას მივაღწევთ ისე, რომ სხვა პრობლემური საკითხები გადაიჭრება, ეს არის, რაზედაც უნდა იმუშაონ პოლიტიკოსებმა.“

გიორგი კაკაურიძემ უპასუხა შეკითხვას, - თუ ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიულ ურთიერთობებს გადახედავს საქართველოსთან, ფინანსური თვალსაზრისით ეს ჩვენს ქვეყანას დააზიანებს?

მინისტრის მოადგილის აზრით, ფინანსურ დახმარებაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს ევროატლანტიკური კურსი.

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ამიტომ მასთან ურთიერთობები უნდა იყოს ისეთივე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი… ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული პარლამენტის მხრიდან. არ ყოფილა იქ [ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებაში] ფინანსურ სანქციებზე საუბარი, არის კონკრეტულ, ინდივიდუალურ პირებზე… მე ხომ ვერ გეტყვით, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გადაწყვეტილების შემდგომ, მე შემიძლია გითხრათ, რა გავლენა ექნება მას.

ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი კურსი, რა კურსითაც ქვეყანა მიდის - ეს არის ევროატლანტიკური კურსი. იმ ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი არის ის პოზიციები, რომლებიც გვქონდა როგორც ევროკავშირთან, ასევე შეერთებულ შტატებთან. გაცილებით მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ურთიერთობა, რომელიც გვქონდა და უნდა გვქონდეს აუცილებლად“, - თქვა კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე არ მოელის, რომ სანქციები პირადად მას შეეხება.

„არ მგონია, რომ პირადი სანქციები იყოს. არ მგონია, რომ მსგავსი ტიპის სანქციები იყოს ადეკვატური - ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე [მოექცეს სანქციების ქვეშ], თუ მას არ მიუძღვის​ რაიმე კონკრეტული დანაშაული. საქართველოს ხელისუფლების კურსი არის და უნდა იყოს ყოველთვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. ახლა დაველოდოთ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს 27 მაისს განიხილავს.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს პროცედურის გამოყენებით კანონპროექტს მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში.“

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს უყრის, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლად, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭს უყრიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს), მისი ჩაგდების შემთხვევაში კი სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტისთვის კიდევ ერთ კენჭისყრაზე ხმის მიცემაა საჭირო (არანაკლებ 76 მომხრე) იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს (საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს).

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, 28 მაისს უყრიან კენჭს.

23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე.

„ქართული ოცნება" კანონის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. მმართველ პარტიაში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია".

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, ამბობენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს და საერთოდაც გააუქმოს ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ. ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა მსგავსი კანონის მიღების შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG