“დაახლოებით ათას ხუთასი ხე არის მოგლეჯილი, მათ შორის - ასწლოვანები. დავზარალდით ოთხი ფერმერი. დაინგრა საქონლის სადგომები და თივის შესანახი საწყობები. ზარალი, სულ მცირე, 200 ათასი ლარია. ყველას შევატყობინეთ, მაგრამ რეაგირება არაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაატა აბულიძე, ფერმერი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანიდან. 25 ივნისს ალაზნის ველზე განვითარებულმა ტორნადომ ალავერდის მონასტრამდე ფერმები გაანადგურა.
„ახლა ის პერიოდია, საქონლისთვის გამოსაზამთრებელი საკვები რომ უნდა შევინახოთ. დავამზადეთ და დასასაწყობებლად ფერმაში მიმქონდა. საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, როცა [ფერმაში] მივედი. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ხანძარი იყო და კვამლი ასდიოდა, ახლოს რომ მოვედი, აღმოჩნდა ქარბორბალა. ისეთი ძლიერი იყო, ხეები მოჰქონდა, შენობებს სახურავები გადახადა. მოვაბრუნე მანქანა და უკან წავედი, მოვასწარი, თორემ გადააბრუნებდა“, - იხსენებს 25 ივნისის საღამოს ფერმერი პაატა აბულიძე. რამდენიმე საათის შემდეგ უკან დაბრუნებულმა ნახა, რომ საქონლის სადგომები და ბალახის შესანახი საწყობები განადგურებული იყო.
„ბლოკის კედლებია მოხსნილი, სარტყელიც კი მოგლეჯილია. ბალახის შესანახი საწყობი სულ რკინისგან იყო აწყობილი, მაგას თუ რამე დაანგრევდა, არ მეგონა...“
დაზარალებულმა ფერმერმა სტიქიიდან მალევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში დარეკა და ოპერატორს სტიქიის შესახებ შეატყობინა.
"შეტყობინება რომ დავტოვე, მალევე პოლიციიდან მოვიდნენ. იკითხეს, მსხვერპლი ხომ არ არისო. ვუთხარი, მსხვერპლი არა, მაგრამ ძალიან დიდი ზარალი მოგვადგა...თუმცა ისინი მალევე წავიდნენ. შემდეგ ახმეტის მერიაში წავედი, განცხადება დავუწერე. ჯერ მითხრეს, კერძო საკუთრებაა და ჩვენ მაგაში ვერ ჩავერევითო, ალავერდია დაზიანებული და დღე და ღამე იქა ვართო, რა დროს თქვენი ფერმააო... მერიიდან მესამე დღეს მოვიდნენ, ვაა, რამხელა ზარალი ყოფილაო და წავიდნენ... რას აპირებენ არ ვიცი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაატა აბულიძე.
დაზარალებული ფერმერის თქმით, თუ დახმარება არ იქნება, სტიქიის შედეგებს დამოუკიდებლად ვერ გადალახავს.
"ჩვენი ძალებით ამას მართლა ვერ აღვადგენთ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, დაზღვეული რატომ არ ჰქონდაო?! სოფლის მეურნეობაა და აქ ისეთი მოგება არ არის, რომ დაზღვევაც გქონდეს. მოგვცენ მასალა და ჩვენი მუშით გავაკეთებთ ყველაფერს. ახალგაზრდობას ისედაც აცრუებული აქვს გული აქაურობაზე, უცხოეთში წავიდნენ. თუ გვერდში არავინ დაგვიდგა, იძულებული გავხდებით, ჩვენც გავყიდოთ საქონელი და გავუდგეთ იქაურ გზას“.
პაატა აბულიძე იმაზეც წუხს, რომ სახელმწიფო (გარემოს დაცვის სამინისტრო) არ დაინტერესებულა, რა მდგომარეობაშია მის საკუთრებაში არსებული ჭალის ტყე. ლაპარაკია ტყეზე, რომელიც ქარსაფარ ზოლსაც წარმოადგენს.
„სტიქიიდან რამდენიმე დღეში 112-ში კიდევ დავრეკე და ვუთხარი, გარემოს დაცვის სამინისტროსთვის გადაეცათ სტიქიის შედეგებზე. მოვუყევი, დიდი რაოდენობით ხეები რომ არის მოგლეჯილი, თუმცა არც იქიდან არავინ არ მოსულა“.
რადიო თავისუფლებას სურდა ახმეტის მერისგან მოესმინა, გეგმავენ თუ არა დაზარალებული ფერმერების დახმარებას და რა ფორმით, თუმცა სამი დღის განმავლობაში ალექსი ფიცხელაურმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მივმართეთ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც, თუმცა გვითხრეს, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.
რადიო თავისუფლებამ ახმეტის მერიიდან ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა.
განახლება:
გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი რადიო თავისუფლებამ 11 ივლისს მიიღო, რომლის მიხედვითაც:
„ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოყოფილი თანხები ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების დროს, მოსახლეობის დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვას. რაც შეეხება, სოფელ ალავერდში მომხდარ სტიქიას, რომელმაც დააზიანა რამდენიმე კერძო ფერმერული შენობა-ნაგებობა, მოგახსენებთ რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობების აღდგენის ხარჯები მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდში არ არის გათვალისწინებული” .
25 ივნისის ტორნადომ დააზიანა ალავერდის სამონასტრო კომპლექსიც. თუნუქის სახურავი მოხადა გუმბათს, ჩამოვარდა ჯვარი. კრამიტის სახურავი აქვს გადახდილი სამონასტრო რეზიდენციას, კელიებს, სიძველეთა საცავს და გალავანს.
დაახლოებით ერთი კვირაა, ალავერდის ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ და საეპისკოპოსო რეზიდენციაზე ხარაჩოებს აგებენ. სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ, რა სახის ზიანი მიაყენა 25 ივნისს სტიქიამ ალავერდის ტაძარს და სხვა ნაგებობებს. ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამუშაოები არ იქნება ხანმოკლე, თუმცა ზიანის შესწავლის შემდეგ პირველ რიგში გუმბათის საფარი აღდგება, შემდეგ კი - სხვა ადგილები.
ფორუმი