პოლიცია აქციის მონაწილეებს ყველაზე ხშირად აკავებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის) მუხლებით, რისთვისაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის რეგულაციები მოქმედებდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სასჯელი 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა იყო. ასე გრძელდებოდა წლები, სანამ მასშტაბურმა პროტესტმა არ იჩინა თავი.
როდის გაამკაცრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანონი?
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო ტალღა 2009 წლის 9 აპრილიდან აგორდა. იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, მათ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ვადა მისცეს.
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის გასაპროტესტებლად დედაქალაქში დაიდგა საკნები, გადაიკეტა რუსთაველის გამზირი (პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია) და კოსტავას ქუჩა (საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ), სივრცე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან (ავლაბარი, ახლანდელი ცერემონიების სასახლე).
საკნების დადგმის იდეა მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძეს (იმავე „უცნობს“) ეკუთვნოდა. მისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე, მონაწილეობდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ცესკოს მონაცემებით, ის დამარცხდა - ამ შედეგს არ ეთანხმებოდნენ ოპოზიციონერი ლიდერები. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „უცნობმა“ ტელეკომპანია „მაესტროზე“ დაიწყო გადაცემა „საკანი #5“ (რიცხვი ხუთი ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერია).
„საკნების ქალაქად“ დედაქალაქი თვეების განმავლობაში იყო გადაქცეული - სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ კანონმდებლობა არ გაამკაცრა.
2009 წლის 17 ივლისს პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, დაჩქარებული სახით მიღებული კანონით გაამკაცრა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ კანონმდებლობა:
- წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი): 100 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი - 30 დღიდან 90 დღემდე;
- პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმად განისაზღვრა 400 ლარი ან ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე ვადით (მანამდე 30 დღემდე პატიმრობა იყო).
გარდა ამისა, აკრძალა:
- ავტომობილებით გზის ორგანიზებულად გადაკეტვა ან ქალაქში ჯგუფური მოძრაობა - სანქციად დაწესდა 300 ლარამდე ჯარიმა ან ორი წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა;
- საავტომობილო გზებზე ან ფეხით სასიარულო გზებზე წარწერის ან ნახატების დატოვება 500 ლარით დასჯადი გახდა.
კანონპროექტის ინიციატორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგულაციების გამკაცრების სურვილი ასე ახსნა: „საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მკაცრდება ადმინისტრაციული სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც უხეშად არღვევენ საზოგადოებრივ მართლწესრიგს“.
კანონის მიღების პროცესში ოპოზიციონერმა ლიდერებმა თქვეს, რომ კარვების აღების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ „თავისი თავი ამოწურა“.
რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“?
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების გადაბარებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, 2014 წლის 31 ივლისს, დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ კანონმდებლობა შეამსუბუქა - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 90 დღემდე გაზრდილი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღემდე შეამცირა.
„მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული წესით 90-დღიანი პატიმრობა არ შეესაბამება პროპორციულობის პრინციპს. ამასვე გვიჩვენებს ევროპული და სხვა განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, სადაც, როგორც წესი, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღეს არ აღემატება“, - ეწერა 2014 წლის კანონპროექტის განმარტებით ბარათში. აქვე აღნიშნული იყო, რომ პატიმრობის ვადის შემცირება დადებითად აისახებოდა დაკავებულის ფინანსურ მდგომარეობაზე.
10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ გაზრდილა. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ 15 დღიდან 60 დღემდე პატიმრობის ვადის გაზრდით გაიზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯიც. თუმცა მზად არის, ეს თანხა სამინისტროსთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან დაიფაროს.
„წინამდებარე კანონპროექტით იხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებამოსილ ორგანოებს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე განახორციელოს ეფექტიანი რეაგირება“, - ეს ჩაწერა ამჯერად „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
დოკუმენტი მე-11 მოწვევის პარლამენტმა დაჩქარებული სახით 2025 წლის 6 თებერვალს მიიღო. ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღიდან 60 დღემდე გაზრდის ფონია უწყვეტი მრავალრიცხოვანი პროევროპული აქციები, რომელზეც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. უფრო ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ აქციის მონაწილეებს აუკრძალა ნიღბების ტარება, ფეიერვერკებისა და ლაზერების გამოყენება.
ფორუმი