Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპ ლეო XIV-ს შევხვდი და საქართველოში მოვიწვიე - ყაველაშვილი


მიხეილ ყაველაშვილი და ლეო XIV
მიხეილ ყაველაშვილი და ლეო XIV

მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრისას იგი საქართველოში მოიწვია.

„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრო და შემდეგ მასთან შეხვედრა გამართა, ფეისბუკზე წერს:

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები - ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის“.

ყაველაშვილის თქმითვე, რომის პაპს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

„თავის მხრივ, მისმა უწმინდესობამ საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა. შეხვედრის დასასრულს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოვიწვიე“, - წერს ყაველაშვილი.

ვატიკანში რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. მედიის ცნობით, ცერემონიას ასიათასობით ადამიანი დაესწრო.

ცერემონიაში 150-მდე საერთაშორისო დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას დაესწრნენ მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახების წევრები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი.

რომის პაპის ინაუგურაციას მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

კონკლავმა ახალი პაპი ლეო XIV (რობერტ პრევოსტი) 8 მაისს აირჩია. ის აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.

რომის პაპის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს ვატიკანში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG