პროკურატურამ გამოიძახა მოწმე, ლევან ბასილაძე. რამდენიმეწუთიანი დაყოვნების შემდეგ მოწმე სხდომათა დარბაზში შემოდის, სხდომის მდივანს პირადობას აწვდის, თან აქვს წყალი. მოწმისთვის გამოყოფილ სკამს იკავებს.
განცხადების უფლებით სარგებლობს ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი და ახმოვანებს პუბლიკას ჟურნალისტის მინდია გაბაძის ფეისბუქსტატუსს, სადაც ის აუდიტორიას სთხოვს ფოტო არ გადაიღონ, რადგან ეს შეიძლება სხდომის დახურვის მიზეზი გახდეს.
ადვოკატი სთხოვს მოსამართლეს, რომ ეს გაითვალისწინოს და არ გამოიყენოს უკიდურესი ფორმები.
„პროცესის დამსწრეებთან მე პრობლემა არ მაქვს, ყველაზე მეტ შენიშვნას მხარეებს გაძლევთ", - ამბობს მოსამართლე.
სხდომათა დარბაზშია პოლიტიკოსი, საბა ბუაძე. მას ბრალდებულები ვასილ კაძელაშვილი და ნიკოლოზ ჯავახიშვილი ესალმებიან და კითხულობენ, როგორაა.
„მაგრები ხართ თქვენ“, - კომპლიმენტზე კომპლიმენტით პასუხობს პოლიტიკოსი ბრალდებულებს.
მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი დარბაზშია, შემოიყვანეს ბრალდებულებიც.
„გიორგი როგორ ხარ?", - ეკითხება გორგაძეს თამარ მჭედლიშვილი.
ბრალდებული ამბობს, რომ უკეთაა. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო სხდომაზე ცუდად გახდა, დღეს პირველად ესწრება პროცესს.
ფორუმი