გაგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ორი დემონსტრანტის, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო დახურა მას შემდეგ, რაც პროკურორმა შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა გდდ-ს თანამშრომლების სხდომაზე გადაღებული ფოტოები.
მას შემდეგ ჩატარდა მხოლოდ ერთი სხდომა. დღეს კი მანდატურებმა შეგვატყობინეს, რომ სხდომა დამსწრეებისთვის ღიაა. შესაბამისად, რადიო თავისუფლება სხდომათა დარბაზში და იწყებს ლაივბლოგს ლომიძე-ზასოხაშვილის ფინალური პროცესიდან.
დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ადვოკატები ელიან, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს დღესვე გამოაცხადებს. მეორე ვერსიაც არსებობს, სხდომის ბრალდებულების საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადება.
ბადრაგებმა შემოიყვანეს ბრალდებულები: დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი. ისინი ესალმებიან ახლობლებსა და მეგობრებს, რომელთა შორიდან ნახვის შესაძლებლობაც დღეს მიეცათ.
დასკვნით სიტყვას ამბობს თემურ ზასოხაშვილის ადვოკატი, ირაკლი აბსანძე. ის იწყებს ამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და საქმის მასალებში არსებული ჩვენებების მიმოხილვას. მათ შორის ყურადღებას ამახვილებს ამოცნობის ოქმებზე, რომელიც საფუძვლად დაედო ბრალის წარდგენასა და დაკავებას.
ის ამბობს, რომ პატაკი, რომელსაც საფუძვლად დაედო ოპერატიული ინფორმაცია, ირიბი მტკიცებულებაა და არ შეიძლება მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
ის ამბობს, რომ საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაბალი სანდოობა აქვს.
ადვოკატი ამბობს, რომ ზასოხაშვილის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებას ბევრი ხარვეზი აქვს, მათ შორის უცნობია, როდისაა გადაღებულია, აქვს თუ არა მონტაჟის კვალი და ა.შ.
ფორუმი