ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი ასკვნის შემდეგს:
1. ნაცნობობა – საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ გიორგი ტერიშვილი იცნობდა ბრალდებაში ნახსენებ პირებს, მათ შორის ე.წ. ორგანიზატორებს ან ხელმძღვანელებს.
2. კონტაქტი – არ არის დადასტურებული რაიმე სახის კონტაქტი გიორგი ტერიშვილსა და სხვა პირებს შორის.
3. მითითებების შესრულება – ვერ დადგინდა, რომ გიორგი ტერიშვილი ასრულებდა ვინმეს მითითებებს. მოწმის მიერ გამოყენებული სიტყვა „შესაძლოა“ ვერ წარმოადგენდა ბრალის დამამტკიცებელ საფუძველს, რადგან მხოლოდ ვარაუდს ეფუძნებოდა და არა ფაქტს.
4. ორგანიზებული ხასიათი – წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ გიორგი ტერიშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მარტო, არ ესაუბრებოდა არავის, არ იყენებდა საკომუნიკაციო საშუალებებს. ასეთ ვითარებაში ორგანიზებული ქმედების დადასტურება გამორიცხულია.
ის ამბობს, რომ გიორგი ტერიშვილი სპონტანურად მოქმედებდა და არა ორგანიზებულად. ამას ასე ასაბუთებს:
„თუ ჩავთვლით რომ ვიდეო ჩანაწერზე გამოსახულია გიორგი ტერიშვილი, მისი ქმედება, კერძოდ შემთხვევის ადგილზე მარტო განთავსება, კომუნიკაციის არ არსებობა სხვა პირებთან, გამოყოფილ ადგილას დგომა, მობილური ტელეფონის ან სხვა გადამცემი საშუალების არ არსებობა, ცალსახად მიუთითებს მის სპონტანურ ქმედებაზე. ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ გიორგი ტერიშვილს კავშირი ჰქონდა რომელიმე იქ მყოფ პირთან, იგი იმყოფებოდა მარტო და საკუთარ პოზიციას გამოხატავდა მარტო", - ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, „გიორგი ტერიშვილი, რომ გამოჩენილიყო აქციის ყველა დღეს მაშინ შესაძლებელია არგუმენტი ყოფილიყო სპონტანურობასთან დაკავშირებით, თუმცა, იმ პირობებში როდესაც იგი მხოლოდ ერთი დღის, ორ წუთიან მონაკვეთში სხვებისგან განყენებულად ფიგურირებს მისი ქმედება უნდა შეფასდეს სპონტანურად და არა ორგანიზებულად.
მისივე თქმით, ორგანიზებული ხასიათის ქმედების დადასტურება, მაშინ როდესაც ბრალდებული არ საუბრობს ტელეფონზე, არ ესაუბრება არავის, არ ეხმარება გვერდზე მყოფ პირებს, შეუძლებელი და გამორიცხულია.
„დაცვის მხარემ ზემოთ განმარტა, თუ რა დროს არ შეიძლება ჩაითვალოს პირის ქმედება ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობად, ხელმძღვანელობად ან ორგანიზატორობად.
კერძოდ, თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას. დაცვის მხარემ აუცილებლად უნდა გამოყოს ის კომპონენტები, რომელიც ითვლება გიორგი ტერიშვილის გამამართლებელ გარემოებად", - ამბობს ადვოკატი და იწყებს ამ სამი კომპონენტის ცალცალკე განხილვას
შემდეგი კომპონენტი - ქმედების ორგანიზებული ხასიათია. მისი თქმით, გიორგი ტერიშვილს პროკურატურა ედავება ორ ქმედებას, კერძოდ წარმოდგენილია ორი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რომელზეც ჩატარებულია ჰაბიტოსკოპიური ორი ექსპერტიზა. ასევე დათვალიერების ოქმში აღნიშნულია რომ გიორგი ტერიშვილი ორჯერ მოგრძო მასიურ ნივთს ისვრის პოლიციის მიმართულებით.
„ვიდეო ჩანაწერის დეტალურ ანალიზს ქვემოთ შემოგთავაზებთ, თუნცა, აღსანიშნავია, რომ გიორგი ტერიშვილის ქმედების ორგანიზებული ხასიათი ვერ დადასტურდება 2 წუთიანი ვიდეო ჩანაწერით, მაშინ როდესაც:
1. ვიდეოზე ასახული არ არის არცერთი ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი
2. გიორგი ტერიშვილი არ ესაუბრება არავის
3. ვიდეოზე არ ჩანს არცერთი სხვა ბრალდებული
4. გიორგი ტერიშვილი არ ეხმარება არავის და ჯგუფურად არ მოქმედებს
5. გიორგი ტერიშვილი დგას მარტო", - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
ფორუმი