Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (20/08/2025)

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებისთვის ემზადებიან. პროკურორების შემდეგ, დასკვნითი სიტყვის თქმას აპირებენ: 1. გიორგი ტერიშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი 2. სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ბექა ხოხობაშვილი.

15:51 20.8.2025

მისივე თქმით, საქმის მასალების პირველ სამ ტომში კუხარჩუკი ნახსენები არ არის და მხოლოდ შემდეგ ჩნდება, რაც მისთვის მიმანიშნებელია, რომ ბრალდებულს „ბრალი შეუკერეს".

15:50 20.8.2025

დასკვნით სიტყვას ამბობს სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ბექა ხოხობაშვილი.

მისი თქმით, სერგეი კუხარჩუკის წინააღმდეგ ბრალდება შეკერილია, „მას ერთ დღეში შეუკერეს საქმე, დისკიმინაციულად და მიკერძოებულად". მისი თქმით, კუხარჩუკის დაკავებიდან ჩანს, რაზე იყო ხელმომწერი ბრალდების მხარე.

ბექა ხოხობაშვილის თქმით, მას ბრალდების მხარემ მოწმეები უდაოდ გაუხადა, რადგან იცოდნენ, რომ „ჯოჯოხეთს მოუწყობდა“. მისივე თქმით, მოწმეთა სიაში იყო პოლიციელი, ირაკლი მუხათგვერდელი.

ის იხსენებს სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის დაკავებას. ისინი ერთად ბრუნდებოდნენ სახლში, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა. რუსლანი - სისხლის სამართლის წესით დააკავეს, კუხარჩუკი ადმინისტრაციულით.

რუსლანის დაკავების ოქმში წერია, რომ იქ მშვიდი ვითარება იყო, ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია ტყუილია, რადგან რუსლანის დაკავებას შეეწინააღმდეგა სერგეი კუხარჩუკი, ამის მიუხედავად ეს გარემოება დაკავების ოქმში ვერ მოხვდა. ბექა ხოხობაშვილი კითხულობს კუხარჩუკის ადმინისტრაციული წესით დაკავების ოქმს, სადაც წერია, რომ აკავებდნენ სივაკოვს, კუხარჩუკმა კი მათ ხელი შეუშალა, „იგინებოდა და იქცეოდა აგრესიულად“.

ამ საქმეში კი დევს ჩვენება, სადაც წერია, რომ კუხარჩუკი მშვიდ გარემო დააკავეს, ანუ ადმინისტრაციული წესით დაკავების ოქმი საქმეში ვერ მოხვდა. სერგეი კუხარჩუკი ადმინისტრაციული პატიმრობიდან 24 საათში გაუშვეს და მცხეთის იზოლატორიდან გამოსული უკან შეაბრუნეს - ბრალად ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა დასდეს.

15:42 20.8.2025

„ეს არის პოლიტიკური სისხლის სამართლებრივი დევნა, რომ სამომავლოდ არავის გაუჩნდეს სურვილი, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაიცვას რუსული გავლენისგან... როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანობის პრინციპზე და პოლიციაზე, შეხედეთ მათ, რომლებიც აქ მოდიან და ამბობენ არაფერი დაგვინახავსო, გადაახვიეთ და ნახეთ, რა სისასტიკით ეპყრობოდნენ მოქალაქეებს...

ისინი, ვინც ძალადობენ მოქალაქეებზე პოლიციელები არ არიან, ისინი არიან ამორალური ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ გარეთ ყოფნას, იმსახურებენ ციხეში ყოფნას. აქ კი თქვენ გელოდებათ 11 უდანაშაულო ადამიანი...

როცა აქ არაადეკვატურ საქმეზე მსჯელობთ, სადღაც ზის პოლიციელი, რომელიც აზიანებდა მოქალაქეებს, შეიძლება თქვენს მეგობრებსაც, მინახავს სასამათლოს თანამშრომლები იქ აქციაზე და თუ ამ ადამიანებს გაამტყუნებთ, ეს ნიშნავს იმ ძალადობის გამართლებას, რაც ქუჩაში ხდებოდა 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით.

...აქ წყდება 11 ოჯახის ბედი, მათ შორის ხანშიშესული დედის, რომელიც ტერიშვილს ჰყავს და ყველაფერი ეს უნდა მიიღოთ მხედველობაში..

გთხოვთ მიღოთ ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს არ იქნება არც გადაკვალიფიცირება, არც სასჯელის მოკლება, ეს იქნება მათი უდანაშაულოდ ცნობა და დარბაზიდან გათავისუფლება", - ასე დააასრულა თავისი დასკვნითი სიტყვა, ირაკლი ჩომახაშვილმა.

აუდიტორიამ ფრთხილად დაუკრა ტაში.

15:36 20.8.2025

ირაკლი ჩომახაშვილს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ბრალიც გამორიცხულია, ანუ გადაკვალიფიცირება. ამაზე პასუხად ის განიხილავს იმ მუხლებს, რომელზეც შესაძლოა მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა გადაკვალიფიცირება იფიქროს და არგუმენტებით ასაბუთებს, რატომაა შეუძლებელი გადაკვალიფიცირება.

ეს მუხლებია: პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა, მეორე - წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეცვალოს აღნიშნულ მუხლზე კვალიფიკაცია და გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი ვინაიდან, სსკ 353-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოება არის ძალადობა ან ძალადობის მუქარა. ბ

„ბრალდების მხრემ ვერ წარმოადგინა, ვერცერთი მტკიცებულება რომ გიორგი ტერიშვილმა ინდივიდუალურად განახორციელა ძალადობა ან ძალადობის მუქარა", - ამბობს ის.

ადვოკატის განცხადებით, ძალადობის განმარტებისას უნდა მოვიშველიოთ სსკ 126-ე მუხლი, სადაც კანონმდებელი ძალადობის ნიშნებს აღწერს, მათ შორის ძლიერი ფიზიკური ტკივილის განცდას.

„ზემოთ ჩამოთვლილმა თოთხმეტმა პოლიციელმა განმარტეს, რომ არ იცნობენ გიორგი ტერიშვილს, არ იციან ვინ ესროლა საგანი და არ მოხვედრიათ გიორგი ტერიშვილის მიერ ბრალად შერაცხული საგნის ფორმის მატერია. ასევე, არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ გიორგი ტერიშვილის მიერ ნასროლი მოგრძო, მასიურმა საგანმა ძალადობის რეალური საფრთხე შექმნა და შეეშინდათ, შესაბამისად ძალადობის მუქარის კომპონენტიც არ არის დაკმაყოფილებული. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია ინდივიდუალური ბრალის გამოტანის ნებისმიერ შესაძლებლობას, ვინაიდან ინდივიდუალურად არცერთი დაზარალებულს არ უთქვამს რომ გიორგი ტერიშვილისგან მიიღო ფიზიკური დაზიანება ან გაუჩნდა ფიზიკური დაზიანების რეალური შიში", - ასკვნის ის.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG