ვახტანგ ცალუღელაშვილი ვიდეომტკიცებულებების სანდოობას ასაბუთებს. მისი მტკიცებით, ექსპერტებმა სასამართლოზე თქვეს, რომ „მონტაჟთან დაკავშირებით კვლევებს ატარებენ იმისდა მიუხედავად, დასმული არის თუ არა კითხვა, რათა დადგინდეს საკვლევი ობიექტი ვარგისია თუ არა" და ამ კვლევამ აჩვენა, რომ გამოსახულება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზისთვის ვარგისი იყო, „მონტაჟის კვალი გამოსახულებაზე არ იყო აღმოჩენილი".
„დადასტურებულია, რომ ვიდეოებში, სადაც გამოსახულია დანაშაულებრივი ქმედებები, გამოსახულები არიან ბრალდებული პირები", - აცხადებს ვახტანგ ცალუღელაშვილი.
პროკურორი მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის ჩვენებას აჯამებს და აფასებს. მასზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჯგუფურ დანაშაულში სხვებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ვინაობა დადგენილი არ არის და გამოძიება გრძელდება.
ვახტანგ ცალუღელაშვილი აჯამებს ნათქვამს, მისი თქმით, მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩანს, რომ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების ცალკეული ნაწილი ახორციელებს ძალადობრივ მოქმედებებს.
„თითოეული ბრალდებული ძალადობის ადგილას, თავისი თვალით ხედავს, როგორ ისვრიან პოლიციის მიმართულებით და თავადაც ახორციელებენ იგივე ქმედებებს, მათი ქმედება მიმართულია პოლიციელების მიმართულებით, ისინი ახორციელებენ ერთსა და იმავე მოქმედებას, ერთსა და იმავე დროს და მათი მოქმედებები მიმართულია პოლიციელების წინააღმდეგ...წინააღმდეგობის გაწევა ხდება ერთიანი ქმედებებით და მათი მოქმედებები ერთობლიობაში ქმნის ჯგუფურ დანაშაულს...
... მიყენებულია, როგორც ქონებრივი ისე ფიზიკური სახის ზიანი... ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის სრული დაცვით... აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდება. [ჩამოთვლის სახელებსა და გვარებს] ცნოდ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში".
პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა დაასრულა.
ფორუმი