Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (20/08/2025)

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებისთვის ემზადებიან. პროკურორების შემდეგ, დასკვნითი სიტყვის თქმას აპირებენ: 1. გიორგი ტერიშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი 2. სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ბექა ხოხობაშვილი.

14:02 20.8.2025

ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც დასკვნით სიტყვას იტყვის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.

14:42 20.8.2025

სხდომა განახლდა. დასკვნით სიტყვას ამბობს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.

14:46 20.8.2025

ირაკლი ჩომახაშვილი გიორგი ტერიშვილის ადვოკატია. ის ამბობს, რომ არ ეთანხმება ბრალდების სიტყვას და მოსამართლეს აწვდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს: „როცა მე დასკვნით სიტყვას წავიკითხავ გადაშალეთ 46-ე გვერდზე და დეტალურად დაემთხვევა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უცვლელად დატოვა უზენაესმა სასამართლომ. ეს არის დადგენილი პრაქტიკა, დადგენილი პრაქტიკის შესრულების სავალდებულოობა, რა თქმა უნდა, სასამართლოს არ გააჩნია, მაგრამ უზენაესი სასამართლო ადგენს საერთო პრაქტიკას ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით... ჩემი დასკვნითი სიტყვა იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს პრაქტიკიდან".

ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ბრალდებამ უნდა დაასაბუთოს ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, თუმცა ბრალდებამ სიტყვა „ორგანიზებულობა", რომელიც არ შეიძლება გამოგვრჩეს, ბევრჯერ გამოტოვა.

ის კითხულობს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილის შემადგენლობას და იქვე მითითებულ შენიშვნას: „ამ მუხლის მიზნებისათვის იარაღში იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად".

14:50 20.8.2025

აგრძელებს ირაკლი ჩომახაშვილი დასკვნით სიტყვას და ამბობს: „საკანონმდებლო მითითება გვაძლევს განმარტებას, რომ აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობის მიღება, მაშინ ჩაითვლება დანაშაულად თუ აღნიშნული ორგანიზებულია, გამოკვეთილია ხელმძღვანელი ან ორგანიზატორი. სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა იქნას განზრახ, რაც იმას გულისხმობს, რომ ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს მონაწილის განზრახვა, ანუ ცოდნისა და ნებელობის კომპონენტი".

მისი თქმით, სამართლებრივი სიცრუეა, როცა ბრალდების მხარე მიუთითებდა, რომ ორგანიზებულობა საჭირო არ არის, როცა ორგანიზებულ დანაშაულზე ვსაუბრობთ. ამის დასასაბუთებლად ადვოკატს მოჰყავს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის თანახმადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ერთი მხრივ ადგილი აქვს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მეორე მხრივ კონკრეტული პირთა ჯგუფის მონაწილეობას ამ ქმედებაში.

„პალატა, ცალსახად განმარტავს, რომ ჯგუფური ძალადობა აუცილებლად ორგანიზებული დანაშაულია. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გამოიხატება, არეულობის ადგილის შერჩევაში, მასობრივი არეულობის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, პირთა ჯგუფის თავმოყრაში ამ ადგილას და სხვა.

ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა კი შეიძლება გამოიხატოს არეულობის დროს ჯგუფისთვის მითითებების მიცემაში, თუ კონკრეტულად რა ქმედება ჩაიდინონ მათ, მოწოდებაში არ შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ. იმისათვის, რომ კონკრეტული პირი მიეცეს პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს რომ არსებობდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი და რომ კონკრეტული პირი მონაწილეობას იღებდა ამ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქმედებაში", - ამბობს ადვოკატი და აგრძელებს:

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG