ირაკლი ჩომახაშვილი დაზარალებულების ჩვენებების ანალიზზე გადავიდა. ის ამბობს, რომ ამ საქმეზე გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა არ არის, ერთადერთი შესაძლებლობა გამართლებაა, ძალიანაც რომ ეცადოს მოსამართლე ის ინდივიდუალურ ბრალზე ვერ გადავა.
ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ ახლა დაასაბუთებს, რატომ ფიქრობს ასე.
ადვოკატი ორჯერ იმეორებს თავის გამოსვლაში ამ წინადადებას და ყურადღებას ამახვილებს ქუჩების დასახელებაზე:
„ბრალდების მხარე გიორგი ტერიშვილს ედავება, რომ 2024 წლის 01 დეკემბერს გამთენიისას ინგოროყვასა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე ორჯერ ისროლა მოგრძო მასიური საგანი. სასამართლოში დაიკითხა მოწმეთა გარკვეული რაოდენობა, საინტერესოა მათ დაზიანება როდის და რა საგნით მიიღეს".
ადვოკატი ამბობს:
„ბრალდებაში მითითებული არ არის ზუსტი დრო, ჩვენ აღნიშნული უნდა ვივარაუდოთ ვიდეო ჩანაწერებით, თუმცა, ვარაუდის პირობებში დაცვის მხარის ჩაყენება, ბრალდების მხარის სისუსტისა და მტკიცების ტვირთის ამოყირავების მცდელობის მინიშნებად უნდა ჩაითვალოს".
„რამდენად ყალბია ეს საქმე ორი რამე აჩვენებს, ეს არის პატაკი, როცა საბჭოთა კავშირის დროს ჩამოწერდნენ ხოლმე მოღალატეების სიას, ეს არის ყველაზე დიდი სიყალბე და მეორე არის მიდგომა, როგორც ცდილობს ბრალდების მხარე გააყალბოს მტკიცებულებები და მოიპოვოს დაუდასტურებელი ვიდეოჩანაწერები", - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი. ის გულისხმობს ვიდეოებს, რომელიც სოციალურ ქსელში დაუდგენელმა პირებმა ატვირთეს. მათი ვინაობა გამომძიებლებს არ დაუდგენიათ.
ფორუმი