ის მოიხმობს გამომძიებელ ტატო მაისურაძის ჩვენებას, რომლის თანახმადაც, გიორგი აჭარაშვილმა დაათვალიერა ტატო მაისურაძის ვებგვერდი, სადაც ნახა გიორგი ტერიშვილი როგორ ისვრის მოგრძო მასიურ ნივთს. დათვალიერების ოქმის თანახმად, გიორგი ტერიშვილი მოგრძო ნივთს 01:18 საათზე ისვრის ინგოროყვას და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე.
„შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრალდება გიორგი ტერიშვილს ედავება 2024 წლის 01 დეკემბერს 01:00-01:30 საათამდე ფარგლებში განხორციელებულ ქმედებას.", - ამბობს ჩომახაშვილი და ჩამოთვლის მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, როდის, სად და რა დროს მოხვდათ ქვა ან რაიმე ნივთი.
ამ ჩვენებების წაკითხვით, ადვოკატს სურს აჩვენოს სასამართლო, რომ არც ერთი დაზარალებული ამბობს, რომ მოგრძო საგანი მოხვდა[ეს წერია ტერიშვილის ბრალში], იმ თარიღში, რომელსაც ტერიშვილს ედავებიან, არ ემთხვევა დრო, თარიღი და ქუჩა.
„გიორგი ზაბახიძე, გიორგი ჯანიკაშვილი ილია ქვათაძე ნუგზარ მირიანაშვილი გრიგოლ ჭანტურიძე, გიორგი გობრონიძე, ნიკოლოზ ხურცილავა და საბა ნაბახტეველი საერთოდ არ იმყოფებოდნენ 2024 წლის 01 დეკემბერს გამთენიისას აქციაზე ან ზოგი იმყოფებოდა, მაგრამ დაზიანება არ მიუღია, შესაბამისად გიორგი ტერიშვილი ასტროლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე ვერც საფრთხეს შეუქმნიდა და ვერც დააზიანებდა წარმოდგენილ მოწმეებს", - ამბობს ადვოკატი.
ის აზუსტებს, გადაკვალიფიცირება, რომ არ შეგიძლიათ ახლა იმაზე ვსაუბრობო და აგრძელებს:
„ფაქტობრივად ჩვენ ვნახეთ თოთხმეტი დაზარალებული მოწმის ჩვენება, არცერთი მოწმე არ ამბობს რომ მოხვდა მოგრძო მასიური საგანი. თოთხმეტი მოწმიდან შვიდი მოწმე 2024 წლის 01 დეკემბერს არ დაზიანებულა, დანარჩენი შვიდი მოწმიდან მხოლოდ ორი იმყოფებოდა 2024 წლის 01 დეკემბერს გამთენიისას, დანარჩენი ხუთი საღამოს.
დარჩენილი ორი მოწმიდან, არცერთი არ იმყოფებოდა ინგოროყვას ქუჩაზე. შესაბამისად, თუ ჩვენ გიორგი ტერიშვილს ვედავებით რომ შესაძლოა დაეზიანებინა ან საფრთხე შეექმნა რომელიმე პოლიციელისთვის, იმ პირობებში როცა არც ორგანიზებულობა დავადგინდეთ, არც ნასროლი საგნის ფორმა, წონა და მახასიათებლები და არც მოწმე მოვიყვანეთ რომელიც დაზიანდა ამ ქუჩაზე ამ დროს და ამ დღეს, მაშინ ვის შეუქმნა საფრთხე?", - სვამს კითხვას ირაკლი ჩომახაშვილი.
ირაკლი ჩომახაშვილს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ბრალიც გამორიცხულია, ანუ გადაკვალიფიცირება. ამაზე პასუხად ის განიხილავს იმ მუხლებს, რომელზეც შესაძლოა მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა გადაკვალიფიცირება იფიქროს და არგუმენტებით ასაბუთებს, რატომაა შეუძლებელი გადაკვალიფიცირება.
ეს მუხლებია: პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა, მეორე - წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეცვალოს აღნიშნულ მუხლზე კვალიფიკაცია და გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი ვინაიდან, სსკ 353-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოება არის ძალადობა ან ძალადობის მუქარა. ბ
„ბრალდების მხრემ ვერ წარმოადგინა, ვერცერთი მტკიცებულება რომ გიორგი ტერიშვილმა ინდივიდუალურად განახორციელა ძალადობა ან ძალადობის მუქარა", - ამბობს ის.
ადვოკატის განცხადებით, ძალადობის განმარტებისას უნდა მოვიშველიოთ სსკ 126-ე მუხლი, სადაც კანონმდებელი ძალადობის ნიშნებს აღწერს, მათ შორის ძლიერი ფიზიკური ტკივილის განცდას.
„ზემოთ ჩამოთვლილმა თოთხმეტმა პოლიციელმა განმარტეს, რომ არ იცნობენ გიორგი ტერიშვილს, არ იციან ვინ ესროლა საგანი და არ მოხვედრიათ გიორგი ტერიშვილის მიერ ბრალად შერაცხული საგნის ფორმის მატერია. ასევე, არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ გიორგი ტერიშვილის მიერ ნასროლი მოგრძო, მასიურმა საგანმა ძალადობის რეალური საფრთხე შექმნა და შეეშინდათ, შესაბამისად ძალადობის მუქარის კომპონენტიც არ არის დაკმაყოფილებული. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია ინდივიდუალური ბრალის გამოტანის ნებისმიერ შესაძლებლობას, ვინაიდან ინდივიდუალურად არცერთი დაზარალებულს არ უთქვამს რომ გიორგი ტერიშვილისგან მიიღო ფიზიკური დაზიანება ან გაუჩნდა ფიზიკური დაზიანების რეალური შიში", - ასკვნის ის.
ფორუმი