Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ მუსელიანცის საქმე - ლაივბლოგი (22/08/2025)

29 წლის არჩილ მუსელიანცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალად ედება პარლამენტთან ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო. დღეს მუსელიანცის ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვის.

12:56 22.8.2025

ანი ხუბეჯაშვილი ამბობს, რომ ადვოკატმა გამოტოვა მნიშვნელოვანი დეტალი, როცა ექსპერტის ჩვენებას აფასებდა.

პროკურორის თქმით, ექსპერტმა გარკვევით თქვა, რომ ვინაობის დადგენის მიზნით გამოსახულებაზე მონტაჟის კვალი იკვლიეს, მაგრამ რაში სჭირდებოდათ სხვა კადრებზე ინფორმაცია? როცა ქმედება უწყვეტად ჩანს კადრზე მოქმედება და პიროვნება, მნიშვნელოვანია გაეცეს პასუხი კითხვას - არის თუ არა გამოსახულებაზე მონტაჟის კვალი და მან თქვა, რომ გამოსახულებაზე ჩარევა არ იყო, რომ ყოფილიყო, კატეგორიულ დასკვნას ვერ დაწერდა", - ამბობს პროკურორი და ამატებს:

„თუ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ ექსპერტიზის დასკვნას, მე გეტყვით ბატონო, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაგეტარებინათ".

12:53 22.8.2025

12:46 - მხარეები რეპლიკების ეტაპზე გადავიდნენ. პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი პასუხობს დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში ნათქვამ იმ ვარაუდებსა და შეფასებებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია.

ის ამბობს, რომ ადვოკატის მტკიცება, თითქოს ადგილის დათვალიერებას შედეგი არ მოჰყოლია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გამომძიებლებმა ნახეს დამწვარი კაბელები, ცეცხლის კვალი და შეაფასეს ვითარება.

პროკურორის თქმით, ვიდეომასალა საჯაროდ იყო გავრცელებული და არ სჭირდებოდა მის დათვალიერებას სასამართლოს განჩინება და მას შემდეგ, რაც პოლიციელმა ვანო გავაშელიშვილმა თქვა, რომ მას ვიდეოები ჰქონდა ტელეფონში, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ვიდეოები გადაუდებელი აუცილებლობით მოეპოვებინა.

„წაშლის, განადგურების, ტექნიკის განადგურების არაერთი საფრთხე არსებობს და ჩემი როგორც პროკურორის გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა იყო ეს და დარღვევად არ მიმაჩნია", - ამბობს პროკურორი.

მისივე განცხადებით, დაცვის მხარემ ექსპერტიზის შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეოზე არჩილ მუსელიანცი იყო გამოსახული.

„ექსპერტმა თქვა, რომ მან ექსპერტიზა ჩაატარა იმ კითხვების ფარგლებში, რაც მას დაუსვეს და ეს არის მისი მოქმედების ფარგლები", - ამბობს პროკურორი.

12:46 22.8.2025

ადვოკატმა დაასრულა დასკვნითი სიტყვა. მოსამართლე აზუსტებს.

„არამყარი და არასაკმარისი მტკიცებულებებია საფუძველი, რის გამოც გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოვიტანოთ?".

ადვოკატი პასუხობს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და თავს უდანაშაულოდ ცნობს ბრალდებული არჩილ მუსელიანცი.

12:40 22.8.2025

„ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზები არსებობს და სხვა არაფერი არ არსებობს ამას ამბობთ, თუ იმას, რომ ესენიც არ არსებობს?", - ეკითხება მოსამართლე გიორგი არევაძე დიმიტრი ვარდიაშვილი.

ადვოკატის პასუხი ვრცელია, მთავარი აქცენტის დაჭერას ვერ ვახერხებ. ის ამბობს, რომ ექსპპერტები უმეტესად ამ ორ მტკიცებულებას ეყრდნობა დასკნის გაკეთებისას და არა სხვა მტკიცებულებებს, რომელიც შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.

„თავიდან ბოლომდე ეს საქმე იყო შეკერილი და ერთი ექპერტიც და მეორე ექსპერტიც ამ ორ მტკიცებულებას ეყრდნობა მხოლოდ.. ის რაც მიაწოდეს ექსპერტს, არის თუ არა ჭეშმარიტი, ამაზე კითხვის ნიშანი, ნიშნავს იმას, რომ ასეთი ნახევარფაბრიკატი ექსპერტიზის დასკვნებით მოვლენ აქ სხვა დროსაც და გამამტყუნებელი განაჩენი დადგება".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG