მეორე დათვალიერების ოქმი უფრო საშინელებაა", - ამბობს ადვოკატი და აგრძელებს:
„მანდ წერია, რომ ამა და ამ მონაკვეთში ჩანან ინსაფ ალიევი და თორნიკე გოშაძე და მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები.
პირველი კითხვა: რას ნიშნავს „დანაშაულებრივი ქმედებები“?
მეორე: ვინ განსაზღვრავს, რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი?
მესამე: დათვალიერების შემდგენლის ვალდებულებაა, რომ აღწეროს ობიექტურად და დეტალურად და მისი განხილვა და შეფასება მოხდეს სასამართლოში, თუ მისი ვალდებულებაა, შეაფასოს, რა არის დანაშაულებრივი და რა არა?
და მთავარი: რას აკეთებენ ის პირები? და მეორე ვიდეოსთვის აქტუალური კითხვებზე პასუხი ვერც ამ დათვალიერების ოქმში ვიღებთ", - ამბობს აიჰან ჰასანლი.
აიჰან ჰასანლი ამბობს, რომ 5-საათიანი ვიდეომასალის დათვალიერების შედეგად შედგენილია მხოლოდ ერთი შინაარსობრივი წინადადება.
მისი თქმით, ვიდეოზე არ არის ნაჩვენები შემდეგი არსებითი გარემოებები:
– რას აკეთებს პირი კონკრეტულ დროს?
– მოქმედებს თუ არა ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად, თუ დამოუკიდებლად?
– შედის თუ არა კომუნიკაციაში ვინმესთან?
– ჩანს თუ არა კონკრეტულ მომენტებში სხვა პირები?
– დასრულებულია თუ არა ვიდეო და რომელ წუთსა და წამზე მთავრდება?
– რას აკეთებს ინსაფ ალიევი სხვადასხვა მონაკვეთებში?
ადვოკატი: „ვერც ერთ კითხვაზე ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი. ასევე არ მივიღეთ პასუხი კითხვაზე: რატომ ჩატარდა ვიდეოს დათვალიერება მხოლოდ იმის დასადგენად, იყო თუ არა იქ ინსაფ ალიევი და არა იმისთვის, რომ დაფიქსირებულიყო მისი ქმედებები და სხვა გარემოებები.
დარწმუნებული ვარ, მათ შორის ბრალდების მხარეც დაეთანხმება, რომ 5-საათიანი ვიდეოს დათვალიერების შედეგად შედგენილი ერთწინადადებიანი ოქმი ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სრულყოფილი და ობიექტური დათვალიერება".
აიჰან ჰასანლის თქმით, წარმოდგენილი საქმის მასალა და გამომძიებლის ჩვენება ადასტურებს, რომ:
1. გამოძიებისას არ ყოფილა შესწავლილი უდანაშაულობის ვერსია;
2. არ ყოფილა გადამოწმებული ალტერნატიული ჰიპოთეზები, როგორიცაა ინსაფ ალიევის შემთხვევის ადგილზე ყოფნა;
3. კონკრეტული გამამართლებელი მტკიცებულება, რომელიც ინსაფ ალიევის უდანაშაულობის დადასტურებისკენ იყო მიმართული;
4. არც ერთი მაგალითი, სადაც გამოძიება ცდილობდა მის მიერ შეთავაზებული ვერსიის, რომ ბრალდებულს არ მიუღია მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში, გადამოწმებას;
5. არ ყოფილა ალტერნატიული სცენარების განხილვა, რაც იყო გამოძიების პირდაპირი ვალდებულება.
ამის შემდეგ ადვოკატი ასკვნის, რომ „გამოძიება თავიდანვე მიზანმიმართულად იყო ფოკუსირებული ბრალდებულის დადანაშაულებაზე, ხოლო მის შესაძლო უდანაშაულობაზე და დამამტკიცებელი გარემოებების მოძიებაზე არც დაინტერესებულა. ეს კი არღვევს გამოძიების მიუკერძოებლობის პრინციპს, რომელიც მოითხოვს როგორც გამამტყუნებელი, ასევე გამამართლებელი გარემოებების თანაბარ და სრულყოფილ გამოკვლევას"
აიჰან ჰასანლისთვის განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ თავად ექსპერტმა დაადგინა ერთი გარემოება (მონტაჟის ნიშნების არარსებობა), თუმცა არ მიიჩნია საჭიროდ, ეს არსებითი ფაქტი დაეფიქსირებინა წერილობით ფორმაში, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს როგორც მისი ობიექტურობასთან, ასევე დასკვნის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ექსპერტმა პირის იდენტიფიცირებისათვის გამოყენებული შედარებითი კადრები ამოიღო მხოლოდ კონკრეტული რაკურსიდან გადაღებული, ფრაგმენტულად წარმოდგენილი ვიდეომასალიდან, რომელიც არ წარმოადგენს უწყვეტ ჩანაწერს. როგორც თავადაც აღინიშნა, კადრები ამოღებულია მხოლოდ იმ სეგმენტებიდან, რომლებიც შესაძლებელი იყო იმ კონკრეტული რაკურსით. დაცვის მხარისთვის ცალსახად მიუღებელია პოზიცია, რომლის მიხედვითაც არაუწყვეტი, ტექნიკურად დამუშავებული და მხოლოდ ერთეული კუთხიდან აღებული ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დადგინდეს პირის იდენტიფიცირება. ასეთი მონაცემები არ იძლევა ობიექტურ, ყოვლისმომცველ და სარწმუნო ანალიზს", - ამბობს ადვოკატი.
ფორუმი