Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (25/08/2025)

დასკვნითი სიტყვების ეტაპი - ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ისინი უკვე მზად არიან ამისთვის.

13:41 25.8.2025

ადვოკატი მოიხმობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლს და აცხადებს: „მტკიცებულებას არ აქვს წინასწარი დადგენილი ძალა ....... გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას".

მისი შეფასებით, ვეფხია კასრაძის წინააღმდეგ, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობაში სდებენ ბრალს, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის.

13:39 25.8.2025

[ამ საქმეზე პროკურორებმა ვეფხია კასრაძის მოწმეების ირაკლი კუპრაძისა და ლანა გალდავას ჩვენებები უდაოდ გახადეს, ადვოკატი მათი ჩვენებებიდან დასკვნით სიტყვაში ნაწყვეტებს კითხულობს. მოწმეები აღწერენ საპროტესტო აქციაზე არსებულ ვითარებას და ვეფხია კასრაძის მოქმედებებს - რ.თ.]

ადვოკატი ასკვნის, რომ ეს ჩვენებები ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელიც დადასტურებულად ასახავს ვეფხია კასრაძის მოქმედებებს საპროტესტო აქციაზე, რასაც ბრადლების მხარეც დაეთანხმა.

„თუ უდავოა ფაქტი, რომ ვეფხია კასრაძე აქციის მიმდინარეობისას ყველანაერად ცდილობდა არ მომხდარიყო დაპირისპირება, მოუწოდებდა მხარეებს სიმშვიდისკენ, ცდილობდა დაეორგანიზებინა ომის ვეტერანები, რათა ჩამდგარიყვნენ შუაში დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მაშინ რა ლოგიკით გვიმტკიცებს ბრალდების მხარე, რომ მან ძალადობა დააორგანიზა", - ამბობს ადვოკატი გოგა სამუშია.

13:35 25.8.2025

ადვოკატი ამბობს, რა შეძლოთ გაეკეთებინათ გამომძიებლებს ვიდეოსთან დაკავშირებით და რა არ გააკეთეს, მაგალითად:

- არ არის დადგენილი როდის შეიქმნა ეს ვიდეო,
- კადრებში ნათლად ჩანს დაახლოებით ათი ადამიანის სახე. მათი ვინაობა დადგენილი არაა.
- არაა ამოღებული რუსთაველის გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები , რითაც დროს და ადგილს დაადასტურებდნენ.

„ გამოძიებამ ესეც არ გააკეთა, ვინაიდან ეს ვიდეოკადრები არის ძველი გადაღებული კადრებიდან დამონტაჟებული და მისი ავთენტურობის დადგენა არ იყო გამოძიების ინტერესში", - ამბობს ადვოკატი.

13:33 25.8.2025

ის ვიდეომტკიცებულებების ავთენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ამბობს:
დაუდგენელია ვიდეო ფაილის წარმომავლობა, თუ ვინ შექმნა ის და როდის შეიქმნა.

„თუ ბრალდების მხარემ არ იცის კადრების გადამღების ვინაობა, შესაბამისად ნდობაც ვერ ექნებოდა კადრების შემქმნელის მიმართ და მის ავთენტურობაში დარწმუნებულიც არ უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა თუ რატომ არაფერი იღონა გამოძიებამ კადრების ავთენტურობის დასადგენად, რატომ არ დაუსვა კითხვა მონტაჟთან დაკავშირებით ექსპერტს, როდესაც ექსპერტიზა დანიშნეს", - ამბობს სამუშია და აგრძელებს, რომ ამ კითხვას პასუხი საქმის გამომძიებელმა გასცა.

„რომ ეგ არ იყო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი. როგორ შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი მტკიცებულების ავთენტურობა, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად დაუშვებელია მტკიცებულება თუ არსებობს გონივრული ეჭვი მისი ნიშანთვისების შეცვლის. ამ შემთხვევაში როდესაც მისი შექმნის არც დრო ვიცით არც შემქმნელის ვინაობა ესეთი ეჭვის უარყოფა წარმოუდგენელია", - ამბობს ის.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG