12:02 - „მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი შემოვიდა, დაბრძანდით, ქალბატონო", - ამბობს მანდატური. ბრალდებულების მშობლები, მეგობრები, დები, შვილები, ცოლები ადგილებს იკავებენ.
განაჩენის გამოცხადებამდე: რა უნდა იცოდეთ 8 დემონსტრანტის საქმეზე
11:56 - მოკლედ საქმეზე:
კრიმინალურმა პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით გასული წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და გააპროტესტა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებაზე.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ პარტია „ლელოს“ წევრები, 51 წლის ვასილ კაძელაშვილი და 53 წლის ვეფხია კასრაძე, 20 წლის სტუდენტ ზვიად ცეცხლაძესთან ერთად ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორები არიან. ეს ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ვერსიით, ამ სამი ორგანიზატორის მიერ შემუშავებული ჯგუფური ძალადობის გეგმის მონაწილეები და განმახორციელებლები იყვნენ ბრალდებულები: 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, 20 წლის გიორგი გორგაძე, 25 წლის თორნიკე გოშაძე, 20 წლის ირაკლი მიმინოშვილი და 34 წლის ინსაფ ალიევი. მათ საქმეებს სასამართლო ერთად განიხილავს.
იმავე ჯგუფში მოიაზრებს ბრალდება ჯგუფური ძალადობის მეორე საქმეზე დაკავებულ 11 პირსაც. „პარალელური კლასის” - როგორც ადვოკატები უწოდებენ - ბრალდებულებს შორის არიან: 29 წლის ანდრო ჭიჭინაძე, 28 წლის ონისე ცხადაძე, 34 წლის გურამ მირცხულავა, 21 წლის ლუკა ჯაბუა, 50 წლის ჯანო არჩაია, 27 წლის რუსლან სივაკოვი, 26 წლის რევაზ კიკნაძე, 54 წლის გიორგი ტერიშვილი, 27 წლის ვალერი თეთრაშვილი, 27 წლის სერგეი კუხარჩუკი და 30 წლის ირაკლი ქერაშვილი.
ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს. საქმე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს დაეწერა, პროკურორები ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა არიან.
11:53 - რამდენიმე წუთით ადრე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიან რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი დამნაშავედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს დელეფანში მანდატურებსა და დამსწრეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სასამართლოს შენობა. ერთ-ერთმა მანდატურმა ცხვირი დაიზიანა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქტივისტმა დაარტყა, მას სისხლი მოსდიოდა ცხვირიდან, სასწაფომ დახმარება აღმოუჩინა.
ფორუმი