Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში პატარა ბინების გაქირავება აიკრძალა


ფოტო არქივიდან: ჰონგ-კონგი, ქალი ზის ე.წ. ბინა-გალიაში
ფოტო არქივიდან: ჰონგ-კონგი, ქალი ზის ე.წ. ბინა-გალიაში

ჰონგ-კონგში მიიღეს კანონი, რომელიც გარკვეულ მოთხოვნებს აწესებს იმ ფართებზე, რომლებიც ერთი ბინის რამდენიმე ნაწილად დაყოფითაა მიღებული.

კანონპროექტის მიზანია თანდათანობით გაუქმდეს პატარა ბინები, რომლებსაც ხშირად დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები ქირაობენ. ასეთ საცხოვრისებს „ბინა-გალიებსაც“ უწოდებენ.

დოკუმენტის თანახმად, ასეთი საცხოვრისის ფართობი 8 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს ცალკე სააბაზანო ან გამდინარე წყლის ონკანი, აღჭურვილი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების საშუალებებით, უნდა ჰქონდეს განათება და ვენტილაცია.

როგორც Associated Press-ი წერს, ქალაქში 110 ათასი მსგავსი საცხოვრებელი ფართია. მათი მეოთხედი კი 8 კვადრატულ მეტზე ნაკლებია. ეს მაშინ, როცა ჰონ-კონგში საპარკინგე სივრცე 10 კვადრატული მეტრისაა.

მსგავს ბინებში 220 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის მიგრანტები, მუშები, სტუდენტები და სხვა.

ახალ წესებთან შესაბამისობაში მოსაყვანად 33 ათას „ბინა-გალიაში“ კაპიტალური სარემონტო სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ბინების მფლობელებს სარემონტო სამუშაოებისთვის განსაზღვრული დროს აძლევენ, სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამგვარი ქონების რეგისტრაცია კი 2026 მარტში დაიწყება.

სტანდარტების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 38.5 ათასი აშშ დოლარით, პატიმრობას სამ წლამდე ვადით და ჯარიმას ყოველ გამოუსწორებელ დღეზე.

ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჰონგ-კონგის საბინაო პრობლემები გახდა 2019 წელს ანტისამთავრობო პროტესტის მთავარი მიზეზი და სურს 2049 წლამდე მსგავსი ბინები აღარ არსებობდეს.

AP-ს თანახმად ქალაქის დაბალი შემოსავლის მქონე მცხოვრებლებმა შეშფოთება გამოთქვეს თავიანთ მომავალთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ახალი საცხოვრებლის პოვნასთან დაკავშირებული სირთულეებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG