ტანკერი Eagle S, რომელიც კუკის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტრო და ინტერნეტკაბელების დაზიანების გამო 2024 წლის დეკემბერში დააკავეს ფინეთის ყურეში. 2025 წლის აგვისტოში ფინეთის პროკურატურამ კაპიტანს და მის ორ თანაშემწეს ბრალი წაუყენა, რის შემდეგაც სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო.
დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ ინციდენტი ფინეთის ტერიტორიულ წყლებს მიღმა მოხდა, შეგნებული ქმედება არ ყოფილა და საზღვაო შემთხვევების კატეგორიას განეკუთვნება.
ჰელსინკის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის მოცემული საქმე მისი იურისდიქციის მიღმაა, რადგან გაეროს საზღვაო კონვენციის თანახმად, ამის უფლება აქვს სახელმწიფოს, რომლის დროშითაც გემი დაცურავს ან ბრალდებულების მშობლიურ ქვეყანას.
ჯერჯერობით უცნობია, მიმართავს თუ არა ფინეთი კუკის კუნძულებს, ან იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებიც კაპიტანი და მისი თანაშემწეები არიან.
კაპიტან დავით ვადაჭკორიასთან ერთად ბრალდებული იყო საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე რობერტ ეგიზარიანი და ინდოეთის მოქალაქე სანტოშ კუმარ ჩაურასია. ბრალდების მხარე მათთვის 2,5-2,5 წლით პატიმრობას ითხოვდა.
ტანკერ Eagle S-ის კაპიტანი დავით ვადაჭკორია მომხდარს შემთხვევითობას უწოდებდა და უარყოფდა რუსეთის გეგმით მოქმედებას და იმას, რომ ტანკერი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს წარმოადგენს.
რუსეთი „ჩრდილოვან ფლოტს“ იყენებს სანქციებისთვის გვერდის ავლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნავთობის გასაყიდად.
ფორუმი