13:21 - პროკურორის თქმით, ყველა საქმე ინდივიდუალურია და მისთვის უცნობია, რატომ შეირჩა გირაო ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე, „თანამშრომლობაა თუ არა“....
„უფრო უკეთესი იქნება პარალელების გავლენა ოთხი ოქტომბრის დაკავებულებთან და იმასთან, როგორ ხდებოდა შეჭრა...კონკრეტულ თარიღებს რომ მიანიშნებდა ბატონი ლევანი, მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ოთხი ოქტომბერი არ უკავშირდება დანაშაულის გაგრძელების საფრთხეს...
უნდა არსებობდეს ახალი გარემოება, რომ განგრძობადი პატიმრობის საჭიროება აღარ არსებობდეს. ასეთი გარემოება არ გვაქვს", - ამბობს პროკურორი.
„გიორგი, გიორგი", - მიეშველა სახელის გახსენების დროს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
13:18 - მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავდა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელს ტელეკომპანიების ფორმულას და მთავარი არხის, ასევე ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ. ლილუაშვილი მათ ცილისწამებაში სდებდა ბრალს.
13:10 - ადვოკატი ლაშა ტყეშელაძეც ამბობს, რომ „საქმე პოლიტიკურია და სამართალთან ამას კავშირი არ აქვს“.
ის სვამს კითხვას, როგორ უნდა მოახდინოს ლევან ხაბეიშვილმა გდდ-ს თანამშრომლებზე ზეწოლა?
„გდდ-ს თანამსრომლები ამბობენ, შეურაცხყოფად აღვიქვიო, შეურაცხყოფა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, როგორ შეიძლება საჯარო მიმართვევით რაიმე განადგურდეს ან ხელი შეეშალოს?...
მიმალვის საფრთხეზე როგორ უნდა ვისაუბროთ, ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს, რომ ბატონი ლევანი ერთხელ მაინც ვინმეს სადმე მიმალვოდეს, მან მართლმსაჯულებასთან ითანამშრომლა, ყველაფერი თქვა და მოუყვა სიმართლე....
აღკვეთის ღონისძიება ვინც განიხილა, ის მოსამართლე[ფიქრია სიქტურაშვილი] იყო, ვინც სუს-ს ლევან ხაბეიშვილის დაკავების განჩინება მისცა...
თქვენ გაქვთ ისტორიული საშუალება შეუფარდოთ აღკვეთის ღონისძიება ლევან ხაბეიშვილს, გარდა პატიმრობისა და დავამატოთ პოლიციაში გამოცხადება, რაც გინდათ...
მთავარი კორუფციონერი დღეს გარეთაა და ის, ვისაც მათი კორუფცია და ფულის ფლანგვა დღის სინათლეზე გამოჰქონდა, ზის აქ და ელოდება თქვენს გადაწყვეტილებას".
12:51 - ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი მოსამართლეს ახსენებს იმ საფუძვლებს, რაც პატიმრობას უნდა დაედოს საფუძვლად - ყველაზე მკაცრს აღკვეთის ღონისძიებას.
„სახეზეა შერჩევითი სამართალი - ერთ შემთხვევაში კორუფციაში მხილებული მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ უდიდესი გავლენა მოწმეებზე ზემოქმედების, პროკურატურა შუამდგომლობს გირაოს და სასამართლოც ეთანხმება, რომ თურმე გირაოა საკმარისი, რომ ეს ადამიანი არ გაიქცეს და მოწმეებზე ზემოქმედება არ მოახდინოს და მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელსაც უკანონობასთან შეხება არ ჰქონია და ბრალი დამყარებულია აბსურდზე....
ბუნებაში არ არსებობს საჯაროდ შეთავაზებული ქრთამი, არ არსებობს ასეთი შემადგენლობა... შეიძლება თქვენ მითხრათ, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას ვერ მოახდენთ და უნდა მელაპარაკოთ იმაზე, დაკავებიდან ამ დრომდე ახალი გარემოება რა გამოვლინდა, მე მინდა დავაფიქსირო მაინც, რომ ლევან ხაბეიშვილთა მიმართებით თავიდან ბოლომდე სისხლის სამართლის საქმე გამოყენებულია როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, მისი დაკავება გაჯერებული იყო პოლიტიკური კონტექსტით, დაწყებული ბრალდების აბსურდულობიდან დამთავრებული იმ აბსურდით, რასაც დღეს ვისმენთ. პროკურორსაც არ სჯერა, რომ ლევან ხაბეიშვილი მიიმალება ან ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ეს არის შაბლონი, რომელსაც იყენებს პროკურორი, როცა სურს პიროვნება საზოგადოებისგან იზოლაციაში მოხვდეს...
...ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, ბატონო მოსამართლე".
„ისეთი მოსმენადია მისი განცხადებებიო, რომ შეიძლება გავლენა მოახდინოსო, შემდეგ აუკრძალეს წერილები, წებოვანი ლენტი გააკრეს სახეზე და ასე სცადეს მისი ხმის ჩახშობა.... რაც უფრო ცდილობენ ხმის ჩახშობას, მით უფრო ხმამაღლა ისმის ხმა, რომელსაც სინდისის პატიმარი თუ პოლიტიკური რეჟიმის ტყვე წარმოთქვამს... მეც ძალიან მინდა ერთი პროცენტი მაინც მსჯეროდეს, რომ გახვალთ პროცესის ფორმალური მოთხოვნებიდან და იტყვით, რომ აქ მე ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ ლევან ხაბეიშვილი უპირობოდ უნდა იყოს ციხეში,რადგან ის ქვეყანას დაანგრევს, მიიმალება, დანაშაულს ჩაიდენს", - ამბობს კონდახაშვილი.
ადვოკატს ასევე აინტერესებს, რის საფუძველზე ითხოვს პროკურატურა გამოძიების დროის გახანგრძლივებას: „რაც უფრო მეტ პოლიციელს ჩაწერენ, რომელიც იტყვის, რომ შეურაცხყოფად მიიღეს ლევან ხაბეიშვილის განცხადება, უფრო მყარი გახდეა საქმე? საქმის გადადება იმიტომ მოითხოვეს, რომ ახლა ამ საქმის განხილვის დაწყება პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ არის...."
ადვოკატის განცხადებით, მაშინ როცა საქმე ქართული ოცნების ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ეხებათ, ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, მიქაუტაძეს, ბურჭულაძეს, მაშინ პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის ენით ლაპარაკობს, როცა იქამდე მისი დისკრედიტაციით იყვნენ დაკავებულები.
გიორგი კონდახაშვილი იხსენებს ეპიზოდს, როცა ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს დეპუტატი იყო და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ:
„საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილზე დეპუტატებმა იძალადეს საჯაროდ, დაესივნენ, სცემეს, დღეს ლევანი არის ბრალდებული და ის ადამიანები ამნისტირებულები... სად არის ის საქმე? თაროზეა შემოდებული იმიტომ, რომ ლევანის ე.წ. დაზარალებულებს არ სურთ სასამართლოში მოსვლა და დისკომფორტის შექმნა".
„მისი პატიმრობა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დაკვეთა, გინდათ ახალი გარემოება დაარქვით ახლა და გინდათ ძველი გარემოება“, - ამბობს ადვოკატი.
„თუ საშიშია მისი ეს გამოსვლები, ჩაწეროს სასამართლომ, რომ მას აეკრძალოს საჯარო გამოსვლები, რასაც ვამბობ, ვსაუბრობ ოქმისთვის, მაგრამ მეც მინდა მქონდეს იმედი, რომ თქვენ შინაგანი რწმენით შეცვლით პატიმრობას... გაითალისწინეთ ლევანის წარსული, ოჯახური მდგომარეობა, ბრალდების აბსურდულობა, ამ საქმეში არსებული პოლიტიკური დაკვეთის კონტექსტი და უარი თქვათ პატიმრობის განგრძობადობაზე, რისკების შემცირების მიზნით, კანონი სრულ დისკრეციას განიჭებთ მასთან მიმართებით დამატებით შეზღუდვებზე“
ფორუმი