სსც-ის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ძირითად პრინციპებს.
„კანონში ცვლილებები უგულებელყოფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს“, - წერს ორგანიზაცია 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ შეფასებაში.
„ცენტრის“ თანახმად, „საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანებს ბლანკეტურად აჯგუფებს მათი ჯანმრთელობის პრობლემების და არა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით და მათ უფლებებით სარგებლობას ბლანკეტურადვე უზღუდავს“.
„ამასთან, კანონი უფლებაში ჩარევის ინტენსივობას თვითონ არ ადგენს, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით და რა ვადებით შეიძლება მოხვდნენ ადამიანები წინამდებარე ბაზაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„დამატებით, საკანონმდებლო ცვლილებები იყენებს ისეთ ტერმინოლოგიას, რომელიც შორსაა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებისგან - იგი სხვადასხვა ნივთიერებების მომხმარებლებს უწოდებს „ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ“ პირებს, რაც ამ ადამიანების მიმართ სტიგმის შემცველ განწყობებს აძლიერებს“, - აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
სსც-ში ვარაუდობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებას დასახული მიზნის უკუშედეგი მოჰყვება:
- „საკანონმდებლო ცვლილებები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით უკუშედეგს გამოიწვევს: კიდევ უფრო მცირე რაოდენობის ადამიანი მიმართავს ფსიქიკური ჯანმრთელობისა თუ სხვა ტიპის სერვისებს, რათა შეამცირონ ბაზაში მოხვედრისა და დამატებითი სტიგმატიზაციის ალბათობა“.
- „ამ ადამიანებისათვის განსაკუთრებით პრობლემური იქნება მართვის მოწმობით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, რადგან იგი მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროც კი შეიძლება იყოს“.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „კანონპროექტი შეიქმნა არაინკლუზიური პროცესის შედეგად“ და „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი შემუშავების პროცესში არ მომხდარა ექსპერტებისა თუ თემატური ორგანიზაციების ჩართულობა, ასევე, არ განხორციელებულა სხვა ქვეყნების გამოცდილების მიმოხილვა მსგავსი რეგულაციების იმპლემენტაციის მიმართულებით“.
- „სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის ძალით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2026 წლის 1 მარტამდე უნდა შექმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ „სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა“.
- „ბაზის შექმნის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - წერია განმარტებით ბარათში.
- ავტორები კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასე აღნიშნავენ ცვლილების საჭიროებას: „ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება“.
- ცვლილებებს მანამდე გამოეხმაურნენ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის სფეროს ექსპერტები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და თემის წარმომადგენლები - მათ ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს.
ფორუმი