ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა Politico, ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანა კელიმ უარყო ცნობები აშშ-ის მხრიდან ზეწოლის თაობაზე. "უკრაინელებმაც და რუსებმაც მკაფიოდ განსაზღვრეს თავიანთი პოზიციები გაყინულ აქტივებთან მიმართებით და ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ აზრთა გაცვლა-გამოცვლას, რასაც, საბოლოო ანგარიშით, შესაძლოა შეთანხმება მოჰყვეს", - ამბობს კელი.
ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკის თქმით, ბოლო პერიოდში გაუარესდა პერსპექტივა შეთანხმების მიღწევისთვის ბელგიასთან - რომელიც აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგება.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის თავდაპირველი, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებდა რუსეთის 100 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივების ინვესტირებას უკრაინის აღდგენის პროგრამებში. ამ პროგრამებს ვაშინგტონი უხელმძღვანელებდა და მოგების 50 პროცენტს აშშ მიიღებდა.
ამ გეგმით, აქტივების დარჩენილი ნაწილი უნდა მიმართულიყო ამერიკა-რუსეთის საინვესტიციო მექანიზმში - თუმცა შემდეგ ეს პუნქტი დოკუმენტიდან ამოიღეს.
Politico-ს მონაცემებით, აშშ-ში იმედოვნებენ რუსეთის გაყინული აქტივების დაბრუნებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. გამოცემის თანახმად, ევროპელ ჩინოვნიკებს აღაშფოთებთ პერსპექტივა, რომ ამ სახსრების ნაწილი შეიძლება აშშ-ს ერგოს, დანარჩენი კი გაიყოს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.
იმის შესახებ, რომ ამერიკის მხარე ევროპელებს მოუწოდებს, არ მიმართონ აქტივები უკრაინისთვის "რეპარაციული სესხის" გამოყოფაზე და ის მოსკოვთან სამომავლო მოლაპარაკებების ელემენტად შეინარჩუნონ, უწინ ლაპარაკობდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
Politico ასევე იუწყებოდა, რომ ბელგიამ უარი თქვა რუსეთის აქტივების გამოყენებაზე ამ ტიპის კრედიტის მხარდასაჭერად, რადგან არასაკმარისად მიიჩნია ევროკომისიის გარანტიები. Euractiv-ის ინფორმაციით, რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის იდეას მხარს არ უჭერს ევროკავშირის შვიდი ქვეყანა: ბელგია, უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ბულგარეთი, მალტა და ჩეხეთი.
ფორუმი