Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს


ფოტოკოლაჟი: ბიჭიკო პაიკიძე (მარცხნივ) და გრიგოლ ლილუაშვილი
ფოტოკოლაჟი: ბიჭიკო პაიკიძე (მარცხნივ) და გრიგოლ ლილუაშვილი

რადიო თავისუფლებას პროკურატურაში დაუდასტურეს, რომ საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე ესპანეთში დააკავეს ბრალდებული ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძე. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ექსტრადიციისთვის საჭირო პროცედურები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ბიჭიკო პაიკიძის შვილის ნათლიაა. სუსში დაწყებული გამოძიების გამო, ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა 24 სექტემბრიდანაა გამოცხადებული.

  • ბიზნესმენი ვანის 2017 და 2021 წლების მოწვევის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა;
  • ბიჭიკო პაიკიძემ წლების წინ, 2016 წელს, „ქართულ ოცნებას“ 12 000 ლარი შესწირა;
  • მას ქონებრივი დეკლარაცია არ აქვს შევსებული - როგორც საკრებულოს რიგით დეპუტატს, ამის ვალდებულება არ ჰქონია.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, მასზე საგამოძიებო მასალა მოამზადა „სტუდია მონიტორმა“. პაიკიძე ამ მასალაში მოხსენიებული იყო, როგორც „სუსის პროტეჟე“.

რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ იძიებენ ბიჭიკო პაიკიძის კომპანია B.P. TRANS-სა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს - სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლების კონტექსტში.

ამ კომპანიამ გაიმარჯვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერში და 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ატარებდა სამუშაოებს ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და აწყობდა ნაპირდამცავ ქვაყრილებს ონის მუნიციპალიტეტში.

საქართველოში არყოფნის გამო, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბიჭიკო პაიკიძეს პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 26 სექტემბერს შეუფარდა. ამით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

ლილუაშვილის გარემოცვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამავე უწყების ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის კიდევ ორი წევრი მისცა პასუხისგებაში.

  • კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;
  • ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში.

გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა 2025 წლის 2 აპრილს დატოვა. სწორედ ამის შემდეგ ამავე უწყებაში აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში გაჩხრიკეს მისი და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბინები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG