Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაჯგუფება წერს, რომ მისმა მებრძოლებმა „რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს“ იმამ ალი ბინ აბი ტალიბის მეჩეთში, რომელიც ალავიტების რაიონში მდებარეობს.
ჯგუფი ჩამოყალიბდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის, რომელიც ალავიტების თემის წევრია, ჩამოგდების და ქვეყნიდან მისი წასვლის შემდეგ.
მებრძოლმა დაჯგუფებამ არერთი ტერაქტის შემდეგ, ივნისში პასუხისმგებლობა აიღო დამასკში ეკლესიაში აფეთქებაზე.
Reuters-ის ცნობით, აფეთქება 26 დეკემბერს, პარასკევის შუადღის ლოცვის დროს, ალავიტების რელიგიური უმცირესობის კუთვნილ მეჩეთში მოხდა.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰომსის მეჩეთში პარასკევს მომხდარი სასიკვდილო აფეთქება ქვეყნის დესტაბილიზაციის „სასოწარკვეთილ მცდელობად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.
განცხადებაში სამინისტრომ დაგმო „ეს ლაჩრული დანაშაულებრივი ქმედება“, რომელმაც, სულ მცირე, რვა ადამიანი იმსხვერპლა და განაცხადა, რომ ეს მოხდა „უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრისა და სირიელ ხალხში ქაოსის გავრცელების განმეორებითი სასოწარკვეთილი მცდელობების კონტექსტში“.
სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი „მტკიცე პოზიცია ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ასეთი დანაშაულები სირიის სახელმწიფოს ხელს არ შეუშლის, გააგრძელოს თავისი ძალისხმევა უსაფრთხოების განმტკიცების, მოქალაქეების დაცვისა და ჩართული პირების პასუხისგებაში მიცემის საქმეში“.
ფორუმი