Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი სანქციებს მოუხსნიან სირიის ლიდერს, ალ-შარაას


აჰმედ ალ-შარაა, სირიის ლიდერი
აჰმედ ალ-შარაა, სირიის ლიდერი

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 7 ნოემბერს იუწყება, რომ სანქციებს უხსნის სირიის დროებით პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთ დღეში მას მერე, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ოფიციალურად მოუხსნა საერთაშორისო სანქციები ალ-შარაას და სირიის შინაგან საქმეთა მინისტრს, ანას ჰატაბს - რომელიც ლონდონმაც წაშალა სანქციათა ნუსხიდან.

სანქციების მოხსნას ევროკავშირიც აპირებს სირიის ლიდერისთვის, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა შარშან, დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

აშ-შარაას უწინ იცნობდნენ ფსევდონიმით მოჰამად ალ-ჯულანი. საერთაშორისო სანქციები მას იმის გამო დაუწესეს, რომ იგი ხელმძღვანელობდა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებას, "ჯებჰატ ან-ნუსრას" - რომელსაც შემდგომში "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამი" დაერქვა და რომელსაც უწინ "ალ-ყაიდასთან" ჰქონდა კავშირი.

სანქციები 2014 წელს შემოიღეს. აშშ-მა მაშინ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოც დააწესა ცნობებზე, რომლებიც მოიტანდა ალ-შარას დაპატიმრებას.

"ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამმა" რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა კავშირების გაწყვეტაზე "ალ-ყაიდასთან". თავად ალ-შარას ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ რადიკალურ იდეებს აღარ იზიარებს. დაჯგუფებამ, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, გადამწყვეტი როლი შეასრულა ასადის რეჟიმის დამხობაში. ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ალ-შარამ შეიარაღებული ფორმირებები დაითხოვა და ერთიანი არმიის შექმნის შესახებ გამოვიდა განცხადებით.

ბრიტანეთსა და ევროკავშირს სანქციათა ნაწილი უკვე მოხსნილი აქვთ სირიის ლიდერისთვის და საკუთრივ სირიისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებამ - რომელსაც აშშ-მაც და რუსეთმაც მხარი დაუჭირეს - გზა გაუხსნა დარჩენილი შეზღუდვების გაუქმებასაც.

ევროკავშირის ქვეყნების და აშშ-ის ლიდერებმა უკვე გამართეს შეხვედრები ალ-შარასთან, ახლახან იგი მოსკოვში ჩავიდა, სადაც სირიის ლეგიტიმურ ხელმძღვანელად იქნა აღიარებული.

გავრცელებული მოლოდინით, ორშაბათს სირიის ლიდერს მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. საუბარი უნდა შეეხოს მათ შორის სირია-ისრაელის კავშირების ნორმალიზაციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG