Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი ზალუჟნი ელჩის თანამდებობის დატოვებას და კიევში დაბრუნებას გეგმავს - მედია


უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნი(მარჯვნივ) თვითმფრინავის ტრაპთან ხვდება ლონდონში ვიზიტით ჩასულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 2024 წლის 18 ივლისი
უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნი(მარჯვნივ) თვითმფრინავის ტრაპთან ხვდება ლონდონში ვიზიტით ჩასულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 2024 წლის 18 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, რომელიც თითქმის ორი წელია დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩია, ამ თანამდებობის დასატოვებლად ემზადება. ამას დღეს, 29 დეკემბერს უკრაინული მედიასაშუალება Radio NV იუწყება პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში ოთხ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროთა თანახმად, ვალერი ზალუჟნი ელჩის თანამდებობის დატოვებას 2026 წლის იანვრის დასაწყისში აპირებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ზალუჟნიმ გადადგომის სურვილი ზელენსკის ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, კიევში ყოფნისას გააცნო, ზალუჟნისთვის განიხილებოდა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, თუმცა იმ მომენტისთვის ვალერი ზალუჟნის დაინტერესება არ გამოუხატავს.

სხვა წყაროთა თანახმად, გარკვეული დროის განმავლობაში ვალერი ზალუჟნი ფიქრობდა აშშ-ში უკრაინის ელჩის ან ისევ არმიის მთავარსარდლის თანამდებობებზე, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ერთ-ერთმა წყარომ Radio NV-ს უთხრა, რომ ზალუჟნის სავარაუდოდ, კიევში დაბრუნება სურს და ეს შესაძლოა, 4-5 იანვარს გამოაცხადოს, თუ მის გადაწყვეტილებაზე გავლენას არაფერი მოახდენს. დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს პრესსამსახურმა Radio NV-ს მიმართვას კომენტარის შესახებ, ჯერჯერობით არ უპასუხა.

განახლება: ვალერი ზალუჟნის მრჩეველმა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ოქსანა ტოროპმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" განუცხადა, რომ ზალუჟნის გეგმებში არაფერი შეცვლილა და ის კვლავაც აგრძელებს უკრაინის ინტერესების დაცვას დიდ ბრიტანეთში ელჩის პოსტზე.

  • ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო 2021 წლის 27 ივლისიდან.
  • გენერალი ზალუჟნი ამ თანამდებობიდან 2024 წლის 8 თებერვალს გაათავისუფლა უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, სამ თვეში, 2024 წლის 9 მაისს კი დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა.

გენერალი ვალერი ზალუჟნი უკრაინის საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით სარგებლობს. როგორც ადგილობრივი, ისე დასავლეთის მედია ზალუჟნის განიხილავს პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატად, თუმცა თავად გენერალს პრეზიდენტობის ამბიცია საჯაროდ არასდროს გამოუხატავს.

უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პროექტით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს გაასაჯაროვა, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად ჩაატარებს ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ კი საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული და ასეთ დროს არჩევნები არ ტარდება.





ფორუმი

XS
SM
MD
LG