ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა როგორც სომხეთის პროკურატურამ, ასევე სამველ კარაპეტიანის ადვოკატმა, არამ ვარდევანიანმა. გირაოს მოცულობა ჯერ ცნობილი არ არის.
კარაპეტიანი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს, 18 ნოემბერს კი მისი წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივეს.
ადვოკატის ცნობით, დაცვის მხარეს 24 დეკემბერს მორიგი შუამდგომლობა ჰქონდა წარდგენილი მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისა და გირაოს შეფარდების შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.
სამველ კარაპეტიანს ბრალად ედება სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საჯარო მოწოდება, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.
იგი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
მისი დაპატიმრების შემდეგ სომხეთის მთავრობამ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული „სომხეთის ელექტროსისტემის“ ნაციონალიზაციის პროცესი დაიწყო.
სომხეთის მთავრობამ აგვისტოს ბოლოს შეცვალა იურიდიული ფირმა, რომელიც ერევანს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში წარმოადგენს დაპატიმრებული ბიზნესმენის, „ტაშირ ჯგუფის“ დამფუძნებლის, რუსეთთან კავშირების მქონე სამველ კარაპეტიანის წინააღმდეგ - „სომხეთის ელექტროსისტემის“ ნაციონალიზაციის საქმეზე. დავა გრძელდება.
13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სამველ კარაპეტიანი აფუძნებს პოლიტიკურ პარტიას და აპირებს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ბრძოლას.
ეკლესიასთან დაახლოებული პირი, მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს სომხეთში. კარაპეტიანმა ქონება რუსეთში დააგროვა.
- ამავე, „ხელისუფლების დამხობის“ საქმეზე დააკავეს არქიეპისკოპოსები ბაგრატი (გალსტანიანი) და მიქაელ აჯაფახიანი.
- ამავე საქმეზეა დაკავებული საქართველოს ყოფილი მოქალაქე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოში დაპატიმრებული და „ქართული ოცნების“ პირობებში გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანი.
კარაპეტიანის მხარდამჭერ კამპანიას სათავეში უდგას მისი ძმისშვილი, ნარეკ კარაპეტიანი.
იგი ადვოკატ რობერტ ამსტერდამთან ერთად ნოემბრის დასაწყისში სტუმრად ჰყავდა ამერიკელ კონსერვატორ კომენტატორს ტაკერ კარლსონს, სადაც მათ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება „ქრისტიანების დევნაში“ დაადანაშაულეს.
კარაპეტიანები ასევე მხარს უჭერენ ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ II-ს, რომლის გადაყენების სურვილიც აქვს ნიკოლ ფაშინიანს.
ფორუმი