„დღეს, 8 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ თქვენმა მოსამართლემ, დავით მაკარიძემ განიხილა თქვენი საქმე და შეწყვიტა წარმოებაო. არგუმენტზე რომ ვიკითხე, მითხრეს, რომ დადგენილებაში ეწერება, რომელსაც ჩამაბარებენ“, - ეუბნება წულაია რადიო თავისუფლებას.
მისი საქმის განხილვა სასამართლოში 29 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა წინა დღით აცნობეს, რომ პროცესი გადაიდო განუსაზღვრელი ვადით:
„სხვების პროცესები გაიხსნა და ისე გადაიდო, ჩემი არც გახსნილა“.
იგი ეჭვობდა, რომ სადავო პარლამენტში მიღებული ახალი კანონით მას ადმინისტრაციულ პატიმრობაში კიდევ ერთხელ გაუშვებდნენ, რადგან მსგავსი კანონით მას საავტომობილო გზის გადაკეტვასაც ედავებოდნენ და ამისთვის რვა დღე საპატიმროში გაატარა.
„უკვე ვემზადებოდი ციხეში ჩასაჯდომად“, - ამბობს გიორგი წულაია.
ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ გამოუცხადებია. საქმეების განხილვა 9 იანვრიდან გაგრძელდება.
ერთი თვის წინ, 10 დეკემბერს სადავო პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
- ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ახალ კანონში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომელიც დემონსტრაციებს შეეხება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.
ფორუმი