კალასი: ირანში მიმდინარე მოვლენები "ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია"
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კაია კალასი 9 იანვარს აცხადებს, რომ ირანის უსაფრთხოების ძალების მხრიდან საპროტესტო აქციების მიმართ გატარებული ზომები "დისპროპორციულია" და რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.
"ინტერნეტის გათიშვა, მაშინ, როცა მიმდინარეობს დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია", - წერს კალასი პლატფორმა X-ზე.
დეტალურად აქ👇
ხამენეის თქმით, ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს
ირანში ყველაზე მასშტაბური ქუჩის დემონსტრაციის შემდეგ, ალი ხამენეიმ განაცხადა: „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს“.
ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა მომიტინგეებს „დივერსანტების, არეულობის მონაწილეების და ქვეყნისთვის მავნე ადამიანების ჯგუფი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი „ქვეყნის შენობებს ანგრევდნენ ამერიკის პრეზიდენტის სიამოვნებისთვის“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს დივერსანტების წინაშე“.
ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა დონალდ ტრამპის გზავნილზე მიუთითა, რომლითაც ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს აფრთხილებდა, რომ მომიტინგეების დახოცვის შემთხვევაში, ის ირანის მთავრობის წინააღმდეგ ზომებს მიიღებდა.
საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყების შემდეგ მეორე გამოსვლაში, ხამენეიმ დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას „ხელები ირანელების სისხლით აქვს გაჟღენთილი“, ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიან ომის გამო. „ახლა ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ირანელ ერს და რამდენიმე უყურადღებო და უტვინო ადამიანს მისი სჯერა“.
საპროტესტო აქციების მეთორმეტე დღე, რომელიც ირანის ქურთულ რაიონებსა და სხვა ქალაქებში ბაზრის მოვაჭრეების გაფიცვითა და ფართომასშტაბიანი პროტესტით დაიწყო, ხუთშაბათს საღამოს, 8 იანვარს, პრინცი რეზა ფეჰლევის მოწოდების შემდეგ, ბოლო დროის ყველაზე ფართომასშტაბიან ქუჩის პროტესტად გადაიქცა.
8 იანვრის საღამოს, ირანში თითქმის არ დარჩა ქალაქი თუ დასახლება, საიდანაც მასშტაბური პროტესტის კადრები არ გამოქვეყნებულა, „დიქტატორისა და მარადიული შაჰის სიკვდილის“ ლოზუნგებით.
კადრებისა და ვიდეოების თანახმად, პროტესტს ბევრ ადგილას თან ახლდა სისხლიანი რეპრესიები, შეტაკებები ხალხსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის, ასევე გამოქვეყნდა პოლიციის, ბასიჯის ბაზებსა და გუბერნატორებზე თავდასხმების მრავალი კადრი.
ირანის სახელმწიფო მედია პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების დაღუპვის შესახებ იუწყება
ირანის ისლამური რესპუბლიკის სამაუწყებლო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების „რამდენიმე“ წევრის მკვლელობის შესახებ, „რამდენიმე“ მომიტინგის დაღუპვასთან ერთად.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ თეირანში ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს ასევე უწოდა „სხვასხვა ადგილას რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე ადამიანის შეკრება“ და, ირანელი ოფიციალური პირებისა და სხვა სახელმწიფო მედია საშუალებების მსგავსად, მომიტინგეებს „მეამბოხეები, კონტრრევოლუციონერები და ტერორისტები“ უწოდა.
ირანის ტელევიზიამ ასევე გაავრცელა ცნობები, რომ დემონსტრანტებმა დააზიანეს და ცეცხლის წაუკიდეს სხვადასხვა შენობასა და მანქანებს, თუმცა არ უხსენებიათ მთელს ქვეყანაში საპროტესტო აქციების მასშტაბისა და მთავრობის დამხობის მოთხოვნის ან უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების ძალადობითა და მკვლელობებით ჩახშობის შესახებ.
ირანში ამ დრომდე ინტერნეტი მთლიანად გათიშულია. მიუწვდომელია ქვეყნის ვებსაიტებიც საზღვარგარეთიდან.
ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები გმობენ ძალის უკანონო გამოყენებას და თვითნებურ დაპატიმრებებს ირანში
ორმა გავლენიანმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა დაგმო ირანის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დარბევა და განაცხადა, რომ მათ ძალა უკანონოდ გამოიყენეს და თვითნებურად მასობრივად დააპატიმრე მომიტინგეები.
8 იანვარს გამოქვეყნებულ ერთობლივ დასკვნაში, Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა (HRW) განაცხადეს, რომ 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ირანის რვა პროვინციის 13 ქალაქში უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 28 მომიტინგე და უბრალო გამვლელი მოკლეს, მათ შორის ბავშვები. საპროტესტო აქციების ახალი ტალღა 28 დეკემბერს დაიწყო და მას შემდეგ ქვეყნის დიდი ნაწილი მოიცვა.
HRW-მ განაცხადა, რომ Amnesty-სთან ერთად აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ უსაფრთხოების ძალები - მათ შორის ირანის პოლიცია და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) - იყენებდნენ „შაშხანებს, ლითონის ტყვიებით დატენილ თოფებს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ფიზიკურ ძალადობას ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად, დასაშინებლად და დასასჯელად“.
„ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ ძალის უკანონოდ, მათ შორის სასიკვდილო ძალის გამოყენების სიხშირე და დაჟინება მომიტინგეების წინააღმდეგ, უსაფრთხოების ძალების იმ წევრების სისტემურ დაუსჯელობასთან ერთად, რომლებიც სერიოზულ დარღვევებს სჩადიან, მიუთითებს, რომ ასეთი იარაღის გამოყენება პროტესტის ჩასახშობად სახელმწიფო პოლიტიკად რჩება“, - განაცხადა მაიკლ პეიჯმა, Human Rights Watch-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დირექტორის მოადგილემ.
„ირანში ადამიანები, რომლებიც ბედავენ ათწლეულების განმავლობაში რეპრესიების გამოხატვას და ფუნდამენტური ცვლილებების მოთხოვნას, კვლავ აწყდებიან უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების მიმართ უკანონოდ სროლის, დევნის, დაპატიმრებისა და ცემის სასიკვდილო მაგალითებს, რაც 2022 წლის საპროტესტო გამოსვლებს მოგვაგონებს. ირანის უმაღლესმა უსაფრთხოების ორგანომ, უზენაესმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ, დაუყოვნებლივ უნდა გასცეს ბრძანება, რათა შეწყდეს ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენება“, - განაცხადა Amnesty International-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დირექტორის მოადგილემ, დიანა ელტაჰავიმ.“
ფორუმი