NetBlocks: ირანში ინტერნეტის საყოველთაო ბლოკადა მეოთხე დღეა გრძელდება
ორგანიზაცია NetBlocks-მა 12 იანვარს, დილით გავრცელებულ განახლებულ ინფორმაციაში განაცხადა, რომ ირანში ინტერნეტის საყოველთაო გათიშვა მეოთხე დღეა გრძელდება.
ტექნიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, NetBlocks-ი აღნიშნავს, რომ ბლოკადა კვლავ ძალაშია. ირანში ციფრული ცენზურის მრავალწლიანი კვლევა კი აჩვენებს, რომ მსგავს ვითარებაში მოქალაქეები კომუნიკაციისთვის ალტერნატიულ გზებს იყენებენ.
ანგარიშის თანახმად, ეს გადაწყვეტილებები მოიცავს მოკლეტალღოვანი და სამოყვარულო რადიოების გამოყენებას, სასაზღვრო ზონებში მობილური კავშირის ანძებთან დაკავშირებას, Starlink-ის ტერმინალებსა და თანამგზავრიდან მობილურ ტელეფონზე პირდაპირი კავშირის (satellite-to-cell phone) ტექნოლოგიას.
ინტერნეტის მასშტაბური გათიშვა 8 იანვარს დაიწყო, რაც ირანის მრავალ ქალაქში პროტესტის გამწვავებას დაემთხვა. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები და ინტერნეტის თავისუფლებისთვის მებრძოლი აქტივისტები აცხადებენ, რომ ამის მიზანი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა და საპროტესტო აქციების ჩახშობის დოკუმენტურად ასახვისთვის ხელის შეშლაა.
ბლოკადის მიუხედავად, კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებებით მაინც ვრცელდება ცალკეული ვიდეოკადრები და ცნობები, რომლებიც მიუთითებს, რომ პროტესტი ირანის სხვადასხვა ქალაქში კვლავ გრძელდება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ხელმძღვანელობამ ვაშინგტონს მოლაპარაკება შესთავაზა, თეირანის მიერ მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტების სასტიკი ჩახშობის საპასუხოდ სამხედრო მოქმედებების შესახებ მისი მუქარის ფონზე.
"ირანის ლიდერებმა დარეკეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე 11 იანვარს. მან დაამატა, რომ „იგეგმება შეხვედრა ... მათ მოლაპარაკება სურთ“.
თუმცა „შესაძლოა შეხვედრამდე მოქმედება მოგვიწიოს“, - თქვა ტრამპმა ისე, რომ დეტალები არ დაუკონკრეტებია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს დაელაპარაკოს ილონ მასკს ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს კვირას უპასუხა შესაბამის კითხვაზე.
„ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია ჰყავს“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს კითხვაზე, ითანამშრომლებდა თუ არა მილიარდერი ბიზნესმენის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან, ირანში Starlink-ის სახელწოდების სატელიტური ინტერნეტსერვისის შეთავაზებაზე.
მასკს და მის კომპანიას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ტრამპსა და ილონ მასკს შორის ურთიერთობები ცვალებადია.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში "შეძრულია" ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით.
როგორც გაეროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ირანელს უნდა შეეძლოს მშვიდობიანად და შიშის გარეშე გამოხატოს უკმაყოფილება. გუტერეში ირანის ხელისუფლებას გადაჭრით მოუწოდებს, შეწყვიტოს ძალის "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" გამოყენება.
ფორუმი