საქართველოში მცხოვრები ირანელების აქცია თბილისში, ირანის საელჩოსთან
ხელისუფლება სტუდენტური საერთო საცხოვრებლების დახურვის შესახებ აცხადებს
თეირანის უნივერსიტეტმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ბაკალავრიატის სტუდენტთა ყველა საერთო საცხოვრებელი მინიმუმ 10 დღით დაიხურება.
საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ (Tasnim) ცნობით, რომელიც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაახლოებული უწყებაა, საერთო საცხოვრებლები 22 იანვარს, დილის 10 საათზე დაიხურება და ეს მდგომარეობა 2 თებერვლამდე გაგრძელდება.
„ტასნიმის“ ანგარიშის თანახმად, სტუდენტებს სთხოვეს, რაც შეიძლება მალე დაცალონ საცხოვრებელი ფართები.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტუდენტური საერთო საცხოვრებლები დემონსტრანტების ერთ-ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ირანის მეცნიერების სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების კოორდინაციით განხორციელდა.
ანტისამთავრობო შეძახილები უზენაესი ლიდერის წინააღმდეგ თეირანში, მოკლული დემონსტრანტების დაკრძალვაზე
ირანიდან ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია ბოლო დროს გამართული საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონიები თეირანში. ვიდეომასალაში ჩანან მსხვერპლთა ოჯახის წევრები, რომლებიც ირანის უზენაესი ლიდერის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებენ და ახლობლების სიკვდილისთვის შურისძიების ფიცს დებენ.
ფეჰლევი ირანის შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას მოუწოდებს, შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს
11 იანვარს საღამოს გამოქვეყნებულ მიმართვაში, ირანის ყოფილმა მემკვიდრე პრინცმა და ოპოზიციის წარმომადგენელმა რეზა ფეჰლევიმ განაცხადა: „ჩვენ მარტო არ ვართ“ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და დასძინა, რომ „საერთაშორისო დახმარებაც მალე მოვა“.
მან მიმართა სამთავრობო უწყებების, შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და თქვა, რომ მათ „აქვთ შესაძლებლობა, შეუერთდნენ ხალხს და იყვნენ ერის დამხმარეები“, წინააღმდეგ შემთხვევაში „ერის მკვლელებთან შეთქმულების“ გამო „მარადიულ სირცხვილში“ იქნებიან.
ფეჰლევიმ ასევე განაცხადა, რომ ირანში, „ქალაქების ცენტრალური ქუჩების დაკავებისა და დაცვის“ გარდა, ყველა ის ინსტიტუტი და აპარატი, რომელიც პასუხისმგებელია „რეჟიმის ცრუ პროპაგანდასა და კომუნიკაციების გათიშვაზე“, „ლეგიტიმურ სამიზნედ“ ითვლება.
მისი მიმართვის სხვა ნაწილში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის გარეთ ისლამური რესპუბლიკის ყველა საელჩო და საკონსულო „ირანელ ერს ეკუთვნის“ და რომ დროა „ისლამური რესპუბლიკის დროშის ნაცვლად ირანის ეროვნული დროშები ჩამოკიდონ“.
მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ და მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ „მძიმედ განიცადა“ მასობრივი პროტესტებიდან მიღებული დარტყმები“ და არ უნდა მიეცეს „შანსი ამოისუნთქოს“.
მან დასძინა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გაოყენება არ არის ავტორიტეტის ნიშანი, არამედ „რეპრესიული ძალის ნაკლებობის“ და მთავრობის შიშის შედეგი.
ფორუმი