უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში სპარსულ ენაზე გამოაქვეყნა პოსტი:
„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ გაუშვას ხელიდან ეს მომენტი, როდესაც ცვლილება შესაძლებელია. თითოეული ლიდერი, თითოეული ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ახლა უნდა ჩაერთოს და დაეხმაროს ხალხს იმ პირების ჩამოცილებაში, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც, სამწუხაროდ, ირანში ხდება.“
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის 25% ტარიფს უწესებს ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ბიზნესურთიერთობა აქვთ.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, "განკარგულება საბოლოოა და შეუცვლელია". მისივე ტექსტის მიხედვით ტარიფი „დაუყოვნებლივ ამოქმედდა“.
ხამენეი აცხადებს, რომ სამთავრობო აქციები გაფრთხილებაა აშშ-სთვის
უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, მომიტინგეების წინააღმდეგ გამართულ დღევანდელ სამთავრობო აქციებს ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილი „გაფრთხილება“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ „უნდა შეწყვიტონ თაღლითობა და არ დაეყრდნონ მოღალატე დაქირავებულებს“.
აქციები ორგანიზებული იყო პროსამთავრობო ძალების მიერ პოლიციის მხარდაჭერით და მათი პირდაპირი ტრანსლაცია ირანის სახელმწიფო ტელევიზიით მიმდინარეობდა.
მონაწილეები სკანდირებდნენ და აღმართული ჰქონდათ ბანერები, რომლებიც აკრიტიკებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და დემონსტრანტებს, რომლებსაც ირანელი მაღალჩინოსნები „შეიარაღებულ ტერორისტებად“ მოიხსენიებენ.
„თქვენ დღეს შესანიშნავი საქმე გააკეთეთ და ისტორიული დღე შექმენით“, - განაცხადა ხამენეიმ.
ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სოციალურ ქსელ X-ში გამოაცხადა, რომ ყველა ირანელ დიპლომატსა და ირანის ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს ევროპარლამენტის ოფისებსა და შენობებში შესვლა აეკრძალათ.
„ურთიერთობა ისეთივე ვერ დარჩება, როგორიც აქამდე იყო“, - დაწერა მეცოლამ. - „ვინაიდან ირანის მამაცი ხალხი აგრძელებს ბრძოლას საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის, დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ისლამური რესპუბლიკის ყველა დიპლომატიურ პერსონალსა და ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს ევროპარლამენტის ყველა შენობაში შესვლა ავუკრძალო“.
11 იანვარს მეცოლამ მოუწოდა ირანელ დემონსტრანტებს, გააგრძელონ პროტესტი ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მხრიდან სასტიკი რეაქციის მიუხედავად.
მეცოლამ ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ ზეწოლა თეირანზე, ხოლო ირანის რეჟიმის ლიდერებს მოუწოდა, „შეცვალონ კურსი და დაასრულონ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა და რეპრესიები“.
ფორუმი