Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი

ირანში 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ნობელის პრემიის ლაურეატ უფლებადამცველ ნარგეს მოჰამადის - ლაივბლოგი

ფასების ზრდის, ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ირანელები ქუჩებში გამოვიდნენ - ეს ქვეყანაში ისლამური რეჟიმისთვის წლების განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი საპროტესტო გამოსვლებია.

მთავარი მოვლენები

21:27 27.1.2026

ექსპერტების თანახმად, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავს უყრის გამანადგურებლებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და ავიამზიდს ათასობით სამხედროთი, რაც ზრდის დაძაბულობას ირანის გარშემო და ძლიერდება იმის ალბათობაც, რომ ირანს შეიძლება მართა დაარტყან. მაგრამ როგორ? როდის? ამ დროს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, ირანს მოლაპარაკება სურს.

ტრამპმა ორშაბათს, 26 იანვარს Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია „ცვალებადია,“ რადგან მან რეგიონში „დიდი არმია“ გაგზავნა, თუმცა ფიქრობს, რომ თეირანს ნამდვილად სურს მორიგება.

დონალდ ტრამპი ირანს სამხედრო დარტყმებით ემუქრებოდა ადრეც, ასევე შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის დროს ათასობით ადამიანი მოკლა. ტრამპმა ცოტა ხნის წინ უკან დაიხია, თუმცა ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმა კვლავ არ გამორიცხა.

20:32 27.1.2026

ირანულ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, თუ როგორ სცემენ ირანში ქალს უსაფრთხოების ძალები 8 იანვარს - მისი ვინაობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია

18:26 27.1.2026

ირანელი პოლიტპატიმრების ფარული გზავნილები რეჟიმის წინააღმდეგ

ირანის ცნობილი „ევინის“ ციხის გავლენიანმა პოლიტპატიმრებმა რეჟიმის მიერ პროტესტის სისხლიანი დარბევა დაგმეს ციხიდან მალულად გამოტანილი წერილებით.

დაპატიმრებულმა აქტივისტმა, რეზა ხანდანმა წერილში, რომელიც 26 იანვარს მისმა მეუღლემ, ნასრინ სოტუდემ გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ იანვრის მოვლენები არ იყო მხოლოდ რეპრესიები, „არამედ ერის წელში გატეხისა და იმ "გადამწვარი მიწის" დატოვების მცდელობა, რომელსაც მანამდე გვპირდებოდნენ“.

ხანდანმა, რომელიც 2024 წლის დეკემბრიდან პატიმრობაში იმყოფება, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების სრული მასშტაბი ჯერ კიდევ გაურკვეველია და დასძინა: „რაც აქამდე დანამდვილებით დადგინდა, არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, საშინელი და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა... მსოფლიო პროტესტების [უახლეს] ისტორიაში“.

„ჩვენ და ყველა მოქალაქემ, უფლებადამცველმა და იურისტმა,“ - წერს ხანდანი - „უნდა მოვითხოვოთ სპეციალური სასამართლოს შექმნა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, რათა გასამართლდეს ყველა პირი, ვინც ამ მკვლელობებსა და რეპრესიებში მონაწილეობდა“.

„ევინის“ ციხის კიდევ ერთმა პოლიტპატიმარმა, აბოლფაზლ ღადიანიმ, საპროტესტო აქციების სისხლიან დარბევას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“ უწოდა.

ღადიანი წერს, რომ უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ „იცის, თუ რამდენად დიდ ზიზღს განიცდის მის მიმართ ირანელი ერი და ნათლად ხვდება, რომ ხალხი ამას აღარ მოითმენს“. მისივე თქმით, ეს დარბევა ხამენეის მხრიდან შურისძიება იყო.

ხანდაზმული პოლიტპატიმარი წერს: „რეჟიმის შეცვლის ყველაზე მშვიდობიანი და არაძალადობრივი გზაა, რომ ირანის კრიმინალმა და დიქტატორმა ალი ხამენეიმ შენდობა სთხოვოს ირანელ ხალხს, გადადგეს და გზა დაუთმოს მათ, რათა ირანელმა ერმა რეფერენდუმის გზით აირჩიოს სასურველი მთავრობა და შეცვალოს რეჟიმი“.

18:20 27.1.2026

ირანის მთავრობა: ინტერნეტი სიცოცხლის გადასარჩენად გაითიშა

ირანში ინტერნეტის ხანგრძლივი გათიშვის მიზეზის შესახებ რეპორტიორის კითხვაზე პასუხად, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფატემე მოჰაჯერანიმ განაცხადა, რომ ეს აუცილებელი იყო „ადამიანთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად“. პრესსპიკერს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ირანში ინტერნეტის ბლოკადამ შეუძლებელი გახადა დაღუპულების, დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაციისა და სტატისტიკის მოპოვება.

ილან ბერმანი, „ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ვეტერანი მრჩეველი, Forbes-ში წერს, რომ ბოლო წლებში ირანის მთავრობამ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო შიდა ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაში, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკის კოლაფსისა.

Forbes-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ინვესტიციები ასახავს „თეირანის მკაფიო აღიარებას, რომ კავშირგაბმულობა შიდა ოპოზიციის სასიცოცხლო ძალაა და მისი კონტროლი პრაქტიკულად ნებისმიერ ფასად ღირს“.

ბერმანის თქმით, 2009 წლის „მწვანე მოძრაობის“ საპროტესტო აქციების შემდეგ, ირანის მთავრობამ ეტაპობრივად შექმნა ცენზურისა და ინფორმაციული კონტროლის რთული არქიტექტურა - ეს სტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდა ბოლო წლებში ისეთი ჩინური კომპანიების ტექნოლოგიების დახმარებით, როგორიცაა Huawei და ZTE.

"სიცოცხლის გადარჩენის ნაცვლად, ინტერნეტის გათიშვამ რეჟიმს სისასტიკისკენ გაუხსნა გზა და ირანი იყენებს „მედიისა და ინფორმაციის ხანგრძლივ ბლოკადას თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რეპრესიების განსახორციელებლად“, წერს ბერმანი, RFE/RL-ის (რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა) დირექტორთა საბჭოს წევრი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG