რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ევაკუაციისთვის
რუსეთის სახელმწიფო ატომური სააგენტო „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსეი ლიხაჩოვმა 29 იანვარს განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთი მზად არის განახორციელოს თავისი თანამშრომლების ევაკუაცია სამხრეთ ირანში მდებარე ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან.
„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კონფლიქტის მხარეები დაიცავენ თავიანთ ვალდებულებებს ამ ტერიტორიის (ბუშერის) ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით“, - ციტირებს ლიხაჩოვის სიტყვებს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი.
„თუმცა, როგორც იტყვიან, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობით, მზად ვიქნებით საჭიროების შემთხვევაში გავატაროთ საევაკუაციო ზომები“.
2025 წლის ივნისის ირან-ისრაელის 12-დღიანი ომის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ობიექტზე ასობით რუსეთის მოქალაქე მუშაობდა. ეს ირანის ერთადერთი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც მოსკოვის მიერ არის აშენებული.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ივნისში აშშ-მა ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი ამოიღო მიზანში, ბუშერზე იერიში არ მიუტანია. მაშინ ლიხაჩოვმა გააფრთხილა მხარეები, რომ ამ ობიექტზე თავდასხმას შესაძლოა მოჰყოლოდა 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის მსგავსი მასშტაბის უბედურება.
გერმანიის კანცლერი: რეჟიმის დღეები დათვლილია
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 28 იანვარს განაცხადა, რომ ირანის მთავრობის „დღეები დათვლილია“.
„რეჟიმი, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული აშკარა ძალადობითა და ტერორით შეუძლია - მისი დღეები დათვლილია“, - განაცხადა მერცმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ეს შეიძლება კვირების საკითხი იყოს, მაგრამ ამ რეჟიმს ქვეყნის მართვის არანაირი ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია“, - თქვა მერცმა.
ტრამპი მოუწოდებს ირანს, „დადოს შეთანხმება“, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის შემდეგი თავდასხმა „ბევრად უარესი“ იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, „დადოს შეთანხმება“ მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება „ბევრად უარესი თავდასხმით“, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, როდესაც აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმებმა ირანის ბირთვული ობიექტები გაანადგურა.
ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებით იმუქრება იმ სასტიკი დარბევის კვალდაკვალ, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ პროტესტს მოჰყვა და რომელსაც, უფლებადამცველი ჯგუფებისა და თვითმხილველების თქმით, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო დღეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში განათავსა გამანადგურებლები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ის, რასაც ტრამპმა „არმადა“ უწოდა. ექსპერტების აზრით, ამ ნაბიჯმა გაზარდა დაძაბულობა ირანთან და სამხედრო მოქმედებების ალბათობა.
„იმედია, ირანი სწრაფად "დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან" და მიაღწევს სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას - ბირთვული იარაღის გარეშე - რომელიც კარგი იქნება ყველა მხარისთვის“, - განაცხადა ტრამპმა 28 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
მაიკ პომპეო: ირანთან მოლაპარაკება შეუძლებელია
მაიკ პომპეო, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა, აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ირანის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
Fox News-თან ინტერვიუში პომპეომ აღნიშნა, რომ მისი რწმენით, ისლამური რესპუბლიკა უკან მხოლოდ ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიხევს.
მან ინტერვიუს ნაწილი საკუთარ X (ყოფილ Twitter) ანგარიშზეც გამოაქვეყნა და დაწერა: „ირანის დიქტატურამ შეიძლება თქვას, რომ შეთანხმება სურს, თუმცა ნებისმიერი მორიგება, რომელიც ამ რეჟიმს ხელისუფლებაში ტოვებს, არსებითად შეუთავსებელია რეგიონულ უსაფრთხოებასთან. ეს არ არის რეჟიმი, რომელთანაც მოლაპარაკება შესაძლებელია“.
ამავდროულად, პომპეო მიესალმა ირანის მიმართულებით აშშ-ის სამხედრო ხომალდების გაგზავნას და ხაზი გაუსვა ირანის მთავრობაზე გარედან ძლიერი ზეწოლის შენარჩუნების აუცილებლობას, რათა ქვეყნის შიგნით მყოფ ხალხს საკუთარი ბედის განსაზღვრაში დაეხმარონ.
ფორუმი