გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო პერსონალი ირანში ექიმებისა და ექთნების დევნას გმობს
გაერთიანებული სამეფოს 130-ზე მეტმა ექიმმა, ექთანმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც გმობენ ირანში მედპერსონალის მიზანში ამოღებას დაშავებული მომიტინგეების მკურნალობის გამო.
წერილზე ხელმომწერებმა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობენ, „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ირანში ექიმებისა და ექთნების მიმართ მოპყრობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშების გამო. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „სამედიცინო ნეიტრალიტეტი არ არის პოლიტიკური საკითხი, ხოლო მედიკოსების დასჯა სიცოცხლის გადარჩენისთვის თავად მედიცინის საფუძვლებზე თავდასხმაა“.
წერილში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელ ანგარიშებზე დაყრდნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაშავებულთა მკურნალობის გამო არაერთ სამედიცინო მუშაკს დაემუქრნენ, დააკავეს ან დააპატიმრეს, საავადმყოფოები კი მეთვალყურეობისა და დაკავების ადგილებად იქცა.
ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ქმედებები სამედიცინო ეთიკისა და მკურნალობის მიუკერძოებლობის პრინციპის აშკარა დარღვევაა. ხელმომწერებმა მოუწოდეს საერთაშორისო სამედიცინო ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებსა და ბრიტანეთის მთავრობას, საჯაროდ დაგმონ ეს შემთხვევები, მოითხოვონ ირანში სამედიცინო პერსონალის დაცვა და ამ თავდასხმების ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
ხამენეი: ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა რეგიონულ ომს გამოიწვევს
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ იანვრის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები „გადატრიალებას“ შეადარა და გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯარების თავმოყრის შემდეგ ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა რეგიონულ ომს გამოიწვევს.
ირანის ხელისუფლების სასტიკ რეაგირებას საპროტესტო გამოსვლების მიმართ მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მუქარა, რომ ირანს შეუტევს, რისთვისაც რეგიონში ავიამზიდების ჯგუფი გაგზავნა.
„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი იქნება“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ და ირანელებს უთხრა, რომ „არ უნდა შეეშინდეთ“ ტრამპის სიტყვებისა.
ირანელი სპორტსმენების ნაწილი ეროვნულ ნაკრებებს ტოვებს
ირანში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ირანელი სპორტსმენების ნაწილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისინი ტოვებენ ეროვნულ ნაკრებებს.
ირანელი კალათბურთელი, ბეჰნამ იახჩალი Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დროებით ტოვებს ირანის ეროვნულ ნაკრებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის „ხალხისადმი თანაგრძნობას“ ასახელებს.
იახჩალი წერს, რომ „ამ დღეებში ხალხის გულები უბედურია“ და აღნიშნავს, რომ ეროვნულ ნაკრებში არ დაბრუნდება იმ დრომდე, სანამ „გული არ დამშვიდდება“.
ის იმედს გამოთქვამს, რომ ერთ დღეს კვლავ შეძლებს „ირანისთვის, მშვიდი გულით ერთად დგომას“.
31 იანვარს, ქალთა საფეხბურთო კლუბის „გოლგოჰარ სირჯანის“ მოთამაშემ ზაჰრა ალიზადემ განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებს ტოვებს ირანელი ხალხის მხარდასაჭერად.
ირანის პარლამენტის წევრებმა ევროპის ქვეყნების არმიები „ტერორისტულად“ გამოაცხადეს
ევროკავშირის მიერ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საპასუხოდ, ირანელი პარლამენტარები სხდომაზე IRGC-ის ფორმებით გამოცხადდნენ და საპროტესტო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფმა, ასევე განაცხადა 1 თებერვალს, რომ თეირანი ევროპული ქვეყნების არმიებს „ტერორისტულ ჯგუფებად“ მიიჩნევს.
ყალიბაფმა აღნიშნა: „იმ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, რომელიც ეხება საპასუხო ზომებს IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების წინააღმდეგ, ევროპული ქვეყნების არმიები მიჩნეულია ტერორისტულ ჯგუფებად და ამ ქმედების შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკავშირს“.
ფორუმი