რუსეთი ირანის გამდიდრებული ურანის შენახვის თაობაზე შეთავაზებას იმეორებს
კრემლის განცხადებით, რუსეთი კვლავ ცდილობს ირანის ირგვლივ არსებული დაძაბულობის განმუხტვას. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, 1 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვი დიდი ხანია სთავაზობს საკუთარ მომსახურებას ირანის გამდიდრებული ურანის გადამუშავებისა თუ შენახვის მიმართულებით.
„ეს საკითხი დღის წესრიგში დიდი ხანია დგას და რუსეთი დიდი ხანია სთავაზობს თავის მომსახურებას, როგორც შესაძლო ვარიანტს - ვარიანტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს იმ ფაქტორების აღმოფხვრა, რაც რიგი ქვეყნებისთვის დაძაბულობის მიზეზს წარმოადგენს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, აწარმოებდა თუ არა რუსეთი მოლაპარაკებებს ირანთან და შეერთებულ შტატებთან საკუთარ წინადადებაზე, რომელიც ირანის გამდიდრებული ურანის საზღვარგარეთ გადატანას გულისხმობს.
მან უპასუხა: „რუსეთი ამჟამად აგრძელებს ძალისხმევას, კონტაქტები ყველა დაინტერესებულ მხარესთან გრძელდება და ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ირანის ირგვლივ დაძაბულობის შემცირებას“.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, დაადასტურა, რომ ირანი ფლობს 60 პროცენტამდე გამდიდრებულ დაახლოებით 400 კილოგრამ ურანს.
100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ირანელი დემონსტრანტების სოლიდარობის ნიშნად
1 თებერვალს კანადაში, ტორონტოს ცენტრში, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა გამართა დემონსტრაცია ირანელი დემონსტრანტების სოლიდარობის ნიშნად. აქციამ, რომელიც სანკოფის მოედანზე დაიწყო და ქუინს-პარკამდე გაგრძელდა, რამდენიმე საათით გადაკეტა ქალაქის ცენტრალური ნაწილები. დროშებითა და დაღუპულთა ფოტოებით ხელში. მონაწილეები რეპრესიების დასრულებას და ირანში თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვდნენ.
ტორონტოს პოლიციამ „CBC Toronto“-სთვის მიცემულ განცხადებაში დაადასტურა, რომ აქციაში მონაწილეობდა „100 000-ზე მეტმა ადამიანი“.
CBC-ის ინფორმაციით, დემონსტრანტები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ კანადის მთავრობისგან პრაქტიკულ ქმედებებს ელიან, მათ შორის ისეთი ზომების გატარებას, რომლებიც დაასუსტებს ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას, გამოიწვევს ირანელი ოფიციალური პირების კანადიდან გაძევებას და აღკვეთს ნებისმიერ მოლაპარაკებას ირანსა და გაეროს წევრებს შორის.
კანადამ მანამდე, 2024 წლის ივნისში, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
„CBC Canada“ იტყობინება, რომ 1 თებერვალს, ირანელი დემონსტრანტების სოლიდარობის ნიშნად, ვანკუვერის ცენტრში ასევე შეიკრიბა დაახლოებით 15 000 ადამიანი; აქციები გაიმართა ედმონტონში, მონრეალში, კალგარისა და ოტავაშიც.
იმავე დღეს, ლოს-ანჯელესის პოლიციამ განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად ვესტვუდის გამზირზე 60 000 ადამიანი შეიკრიბა. შეკრებას ირანელი ხელოვანები და სპორტსმენებიც ესწრებოდნენ.
შეერთებულ შტატებში სხვა აქციები 1 თებერვალს გაიმართა ვაშინგტონში, სან-ფრანცისკოში, საკრამენტოში, ატლანტასა და ოსტინში.
ირანში პროტესტის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები ასევე დაფიქსირდა ევროპის არაერთ ქალაქში, მათ შორის: ლისაბონში, ვენაში, რეგენსბურგში, ფრანკფურტში, ბრიუსელში, ჰამბურგში, პარიზში, რომში, ტულუზაში, კიოლნში, დუბლინში, სტოკჰოლმსა და ჰელსინკიში. აქციები ასევე გაიმართა იაპონიაში და კვიპროსზე.
ლონდონში ათასობით ირანელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ შეიკრიბა და მოუწოდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეიყვანოს IRGC ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.
ირანმა ევროკავშირის ელჩები IRGC-ის „ტერორისტულ“ ორგანიზაციად გამოცხადების გამო დაიბარა
ირანმა 2 თებერვალს განაცხადა, რომ თეირანში ევროკავშირის ელჩებს იბარებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა ევროკავშირის მიერ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადებას.
„ევროკავშირის ყველა იმ წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც თეირანში საელჩო აქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროში 1 და 2 თებერვალს დაიბარეს“, - განაცხადა სამინისტროს პრესბრიფინგზე სპიკერმა ესმაილ ბაყაიმ, რომელსაც სააგენტო AFP-ც ესწრებოდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 29 იანვარს შეთანხმდნენ IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე, რაც მოჰყვა მრავალწლიან ზეწოლას ბლოკის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ამ ელიტური ქვედანაყოფის „შავ სიაში“ შეყვანის მიზნით.
ტრამპი ამბობს, რომ ირანთან შეთანხმების იმედი ჰქონდა, მაშინ როცა ხამენეი რეგიონული ომის შესახებ ლაპარაკობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანთან შეთანხმების მიღწევის იმედი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გააფრთხილა, რომ ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის თავდასხმას შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოეწვია.
„რა თქმა უნდა, ის ამას იტყვის,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს 1 თებერვალს, როდესაც მას ხამენეის გაფრთხილების შესახებ ჰკითხეს. - „თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ ვნახავთ, მართალი იყო ის თუ არა".
დღის პირველ ნახევარში სახელმწიფო მედიამ ციტირება გაუკეთა ხამენეის სიტყვებს, რომ „ირანელი ერი არ უნდა შეშინდეს“ აშშ-ის მუქარის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა ძალები, რომელთაც ტრამპმა „არმადა“ უწოდა.
„ირანელი ერი ძლიერ დარტყმას მიაყენებს ნებისმიერს, ვინც მას თავს დაესხმება და შეავიწროებს,“ - თქვა ხამენეიმ.
ფორუმი