უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ფოტოჟურნალისტ იალდა მოეირის სახლი დაარბიეს
ირანში მყოფმა დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა, მოჟგან ილანლუმ, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების მიერ ფოტოჟურნალისტ იალდა მოეირის სახლში ჩატარებული რეიდის შესახებ ისაუბრა.
4 თებერვალს Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა: „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის 10-მა თანამშრომელმა რეიდი მოაწყო ქალბატონი მოეირის სახლში დღეს, დილით, 8 საათზე“.
ილანლუს თქმით, მათ სახლი გაჩხრიკეს მაშინ, როდესაც მას „ეძინა და თან წაიღეს ყველა მისი ელექტრონული მოწყობილობა“.
გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოჟურნალისტს ასევე მოსთხოვეს გამოცხადდეს ქალაქ არდებილის პროკურატურაში.
აშშ-ის ავიამოიერიშემ ირანის დრონი ჩამოაგდო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის საზღვაო ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო ირანის დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში ამერიკის ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს მიუახლოვდა.
„ასოშიეიტედ პრესი“ ცენტრალური სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დრონი „აგრესიულად მიუახლოვდა“ ავიამზიდს „გაურკვეველი განზრახვით“ და „განაგრძობდა ფრენას გემის მიმართულებით, საერთაშორისო წყლებში მყოფი აშშ-ის ძალების მიერ დეესკალაციური ზომების მიღების მიუხედავად“.
“შაჰედ-139” ტიპის დრონი ჩამოაგდო ამერიკულმა F-35C-მ, რომელიც ირანის სანაპიროდან 500 მილზე მცურავ ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნიდან“ აფრინდა. აშშ-ის სარდლობის თანახმად, მომხდარისას არ დაშავებულა არცერთი ამერიკელი სამხედრო და არ დაზიანებულა ტექნიკა.
სარდლობა აცხადებს, რომ ირანის დრონის ჩამოგდებიდან რამდენიმე საათში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა - ირანის ძალებმა შეურაცხყვეს აშშ-ის დროშით მცურავი, ამერიკული ეკიპაჟით დაკომპლექტებული სავაჭრო ტანკერი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მიცურავდა: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალების ორი გემი და Mohajer-ის ტიპის დრონი მაღალი სიჩქარით მიუახლოვდნენ გემს და მათ ტანკერზე ასვლითა და მისი დაკავებით დაემუქრნენ. გავრცელებული ცნობებით, სავაჭრო ტანკერს უსაფრთხო ზონამდე ესკორტი გაუწია ამერიკულმა რაკეტების გამანადგურებელმა USS McFall-მა, გაერთიანებული სამეფოს საჰაერო და საზღვაო ძალების მხარდაჭერით.
არაბთა გაერთიანებული საამიროები: თეირანმა ვაშინგტონთან ბირთვულ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი, ანვარ გარგაში აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის კიდევ ერთ დაპირისპირებას ვერ გაუძლებს და თეირანმა ვაშინგტონთან ბირთვულ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.
„ვფიქრობ, რეგიონმა არაერთი კატასტროფული დაპირისპირება გამოიარა. არ მგონია, რომ კიდევ ერთი გვჭირდებოდეს, თუმცა ვისურვებდი ირანულ-ამერიკულ პირდაპირ მოლაპარაკებებს, რომლებიც ურთიერთგაგებამდე მიგვიყვანს, რათა ეს პრობლემები ყოველ მეორე დღეს არ გვქონდეს“, - განაცხადა მან 4 თებერვალს დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტზე (World Governments Summit).
ირანი და შეერთებული შტატები ბირთვულ მოლაპარაკებებს თურქეთში პარასკევს განაახლებენ - ამის შესახებ ირანელმა და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა 2 თებერვალს სააგენტო Reuters-ს განუცხადეს.
რეგიონულმა დიპლომატმა Reuters-ს ასევე აცნობა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებიც, როგორებიცაა საუდის არაბეთი და ეგვიპტე.
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა 3 თებერვალს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:
„რეგიონის მეგობარი მთავრობების თხოვნების გათვალისწინებით, ვუპასუხოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინადადებას მოლაპარაკებების შესახებ: ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი მითითება - შესაბამისი გარემოს არსებობის პირობებში, რომელიც თავისუფალი იქნება მუქარისა და დაუსაბუთებელი მოლოდინებისგან - აწარმოოს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი მოლაპარაკებები, ღირსების, კეთილგონიერებისა და მიზანშეწონილობის პრინციპებზე დაყრდნობით. აღნიშნული მოლაპარაკებები ჩვენი ეროვნული ინტერესების ფარგლებში წარიმართება.“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა:
„მთელი მსოფლიო ხედავს, რა ხდება ირანში - მკვლელობების მასშტაბებს და იმას, თუ როგორ ჩადო ირანის რეჟიმმა უდიდესი რესურსი რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ომისა და ძალადობის გავრცელებაში. უკრაინა არ დაივიწყებს არცერთს იმ ათასობით „შაჰედიდან“, რომლებიც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, ჩვენს ხალხს დაესხნენ თავს. ჩვენ ვხედავთ, რომ ირანის საკითხზე უკრაინის ხმა სხვებმაც გაიგონეს ევროპაში - იმ ევროპელებმა, რომლებიც უფრო მეტი ჩართულობისა და უფრო პრინციპული პოზიციისკენ მოუწოდებდნენ, ისევე როგორც თავად ირანელებმა.“
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) შესახებ ზელენსკიმ დაწერა:
„უკრაინაში ჩვენ უკვე მივიღეთ მსგავსი გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია ტერორისტულად გამოვაცხადეთ. ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია. მსოფლიოში ყველა ტერორისტი იმსახურებს ერთნაირ მოპყრობასა და დაგმობას - ვერცერთმა მათგანმა ვერ უნდა გაიმარჯვოს.“
უფლებადამცველი ჯგუფ HRANA-ს ინფორმაციით, დადასტურებულად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 6 854-ს მიაღწია. ამ მონაცემების მიხედვით, დაღუპულთაგან 6 430 რეგისტრირებულია, როგორც დემონსტრანტი, ხოლო 152, როგორც 18 წლამდე ასაკის ბავშვი.
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, ნარგეს მოჰამადის ხელახალი დაკავებიდან 53 დღე გავიდა.
პრემიის ლაურეატის ფონდმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „მისი ჯანმრთელობისა თუ ზოგადი მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი ან გადამოწმებადი ინფორმაცია კვლავ არ არსებობს, რაც უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარებაა“.
ფორუმი