აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 6 მარტს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) უთხრეს, რომ რუსეთი ირანს აწვდის სამიზნე სადაზვერვო ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედროებსა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების განსახორციელებლად.
ამით დადასტურდა გამოცემა Washington Post-ში გამოქვეყნებული ცნობა, რომლის თანახმადაც რუსეთი მნიშვნელოვან არაპირდაპირ როლს ასრულებს ამ გაფართოების პროცესში მყოფ რეგიონულ კონფლიქტში.
თანამშრომლობა, რომელზეც ეს ცნობები მიანიშნებს, ვითარდება სენსიტიურ პერიოდში აშშ-რუსეთის ურთიერთობებისთვის - როცა ბირთვული იარაღის მქონე ამ ორ მეტოქეს უთანხმოება აქვს უკრაინაში მოსკოვის შეჭრის თაობაზე. ვაშინგტონი ომის დასრულებას ცდილობს და აწყდება კრემლის უარს დათმობაზე წავიდეს ტერიტორიულ და სხვა საკითხებთან მიმართებით.
ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟმა, რეზა ფეჰლევიმ, მეზობელ არაბულ სახელმწიფოებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
შესაბამისი განცხადება მან თავის YouTube-ის არხზე გამოაქვეყნა.
ფეჰლევიმ აიათოლას რეჟიმი დაგმო არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, კატარის, ქუვეითის, ომანი, იორდანიის, ერაყისა და საუდის არაბეთის მიმართულებით რაკეტების გაშვებისთვის. მან თქვა: „ეს არის ისლამური რესპუბლიკის არსი და სწორედ ამიტომ უნდა დასრულდეს ის“.
„თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში, ეს ტერორისტული რეჟიმი ჩვენს რეგიონში ქაოსსა და სისხლისღვრას თესავდა. ის მხარს უჭერდა [სირიის ყოფილ ლიდერ ბაშარ] ასადს და სირია სასაფლაოდ აქცია. მან შექმნა ჰეზბოლა, როგორც სახელმწიფო ლიბანის სახელმწიფოს შიგნით. მან შეაიარაღა ჰუთები არაბეთის ნახევარკუნძულის დესტაბილიზაციისთვის. მან გააძლიერა შეიარაღებული ფორმირებები ერაყში, ძირს უთხრიდა ერაყის სუვერენიტეტს. ის თავს დაესხა საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკურ ცენტრებს. ეს არასდროს ყოფილა ირანელი ხალხის სურვილი - ეს იყო რეჟიმის სურვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაიპყრო“, - თქვა ფეჰლევიმ.
ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გარდა, ირანი მილსადენების აფეთქებითაც იმუქრება, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ. გაჩნდა ეჭვები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქების შესახებ.
სამი ქვეყნიდან, რომლებზეც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გადის, ორს უკვე შეუტია ირანმა - ნატოს წევრ თურქეთსა და აზერბაიჯანს.
5 მარტს Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი კიდევ 3%-ით, თითქმის - 84 დოლარამდე გაიზარდა. იქამდე, 2 მარტს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში [IRGC] განაცხადეს, რომ ყველაფერს აკეთებენ ნავთობის გასაძვირებლად - “ფასი მომავალ დღეებში 200 დოლარს მიაღწევს", რათა შეწუხდნენ აშშ-ის მოკავშირეებიო - გამყიდველებიც და მყიდველებიც.
5 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ირანს არ ჩაუკეტავს, თუმცა გემები და ტანკერები სრუტეში შესვლას აფეთქების შიშით ვერ ბედავენ. მანამდე, 2 მარტს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი [IRGC] აცხადებდა, რომ სრულად ჩაკეტა და აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, რომელიც წლიურად მსოფლიოს მიერ მოხმარებული ნავთობისა და თხევადი აირის 20-25%-ს ატარებს.
რა ზეგავლენა ექნება ამ პროცესებს მსოფლიოზე, რეგიონზე, საქართველოზე?
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ბაქო ირანიდან თავის დიპლომატიურ პერსონალს გაიყვანს.
„ეს პროცესი ეხება როგორც საელჩოს თეირანში, ისე თავრიზში არსებულ გენერალურ საკონსულოსაც. ამჟამად ამ კუთხით სამუშაოები მიმდინარეობს“, განაცხადა ბაირამოვმა პრესკონფერენციაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს და ამჟამად პერსონალის ევაკუაციისთვის მზადება მიმდინარეობს.
ფორუმი