„რადიო ფარდა“: ირანის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ინტერნეტი მიმდინარე კვირაში აღდგება
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის საკითხებში ირანის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერნეტ-სერვისები ნორმალურ რეჟიმს კვირის ბოლომდე დაუბრუნდება.
რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის, „რადიო ფარდის“ ცნობით, ჰოსეინ აფშინმა თქვა, რომ „ქვეყნის ინტერნეტ-ქსელი ამ კვირაში თანდათან დაუბრუნდება ნორმალურ ფუნქციონირებას“ და „არსებული შეზღუდვები მალე მოიხსნება“.
ირანში ინტერნეტის ბლოკადა უკვე მე-12 დღეა გრძელდება. ვებგვერდი NetBlocks-ი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტის ხელმისაწვდომობას აკვირდება, აცხადებს, რომ ქვეყნის „შიდა კავშირი კვლავ მინიმალურია“, თუმცა ხელისუფლება, როგორც ჩანს, „პერიოდულად უშვებს შეტყობინებებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რეჟიმი უფრო მკაცრად გაფილტრულ შიდა ქსელს (ინტრანეტს) ტესტავს“.
„სირცხვილის ლაქა“: ირანელი მამაკაცი აცხადებს, რომ პროტესტების დროს მისი ოჯახის 3 წევრი მოკლეს
ავტორი: FE/RL's Radio Farda
მიქაელ ასკარი, საზღვარგარეთ მცხოვრები ირანელი, რადიო თავისუფლების „რადიო ფარდას“ ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაიღუპა მისი ოჯახის სამი წევრი 9 იანვრის საღამოს მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა მათ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ქარაჯის გოჰარდაშთის რაიონში, ჩრდილო-ცენტრალურ ირანში.
ასკარი ამბობს, რომ მისი ბიძაშვილი, ზაჰრა ბანი-ამერიანი, მის მეუღლესთან, ბიჟან მოსთაფავისთან და მათ შვილთან, დანიელ მოსთაფავისთან ერთად, მაშინ ჩაცხრილეს, როდესაც ისინი საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდნენ. სამხედრო ძალებმა მათ მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაიჭრა დავუდ მოსთაფავი, საჭესთან მჯდომი მეორე შვილი.
ასკარი ამბობს, რომ „ბოლომდე ნათელი არ არის“, როგორ მოხდა ინციდენტი. „მძღოლის [დავუდის] მხარეს ფანჯარა ღია იყო. მან ან ლოზუნგები დაიყვირა, ან სიგნალი მისცა, რის შემდეგაც მას საფანტი ესროლეს. ის პანიკაში ჩავარდა და იქიდან გაცლას შეეცადა. მათ კი ავტომობილს უკნიდან საბრძოლო მასალით გაუხსნეს ცეცხლი“, - რასაც მანქანაში მყოფი სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასკარის თქმით, ამის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა დაჭრილი დავუდი სცემეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ასკარმა დასძინა, რომ მისი ბიძაშვილის ქმარი „ომის ვეტერანი“ იყო და „მწარე ირონიაა“, რომ მან სიცოცხლე ასე დაასრულა. „ბიჟანი ფრონტის ხაზზე სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ იბრძოდა. [უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი] ხამენეიმ კი თეირანისა და ქარაჯის ქუჩებში ჯარისკაცები ხალხის დასახოცად გამოიყვანა,“ - განაცხადა მან. - „ეს დანაშაული სირცხვილის ლაქაა, რომელიც ისლამურ რესპუბლიკას სამუდამოდ დარჩება“.
ასკარის თქმით, ოჯახის წევრები ქერმანშაჰის პროვინციაში, უსაფრთხოების ძალების თანდასწრებით დაკრძალეს, ირანში მყოფი მათი ნათესავები კი ხელისუფლების მხრიდან მეთვალყურეობისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
„მაქვს პირდაპირი ინფორმაცია, რომ თეირანის საავადმყოფოში... [უსაფრთხოების ძალები] თავს დაესხნენ თავად საავადმყოფოს. პერსონალის თქმით, ოპერაციიდან გამოსული პაციენტები პირდაპირ საკაციდან გაიტაცეს და წაიყვანეს.“ - უთხრა ირანელმა ექიმმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს
ერდოანი ირანის პროტესტებს თეირანისთვის „ახალ გამოცდას“ უწოდებს
ირანში მიმდინარე ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებზე პირველი ოფიციალური რეაქციისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა შექმნილი ვითარება თეირანისთვის „ახალ გამოცდად“ შეაფასა.
19 იანვარს, მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეული სხდომის შემდეგ გამართულ სატელევიზიო გამოსვლაში, ერდოანმა განაცხადა, რომ ისრაელთან ბოლოდროინდელი კონფლიქტის შემდეგ, ირანი „ახლა დგას ახალი გამოცდის წინაშე, რომელიც მის სოციალურ მშვიდობასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს“.
„ჩვენ ყველანი ვადევნებთ თვალს იმ სცენარებს, რომელთა დაწერასაც ქუჩების მეშვეობით ცდილობენ“, - დასძინა მან.
ერდოანმა იმედი გამოთქვა, რომ ირანის ხელისუფლება შექმნილ ვითარებას „დიალოგისა და დიპლომატიის პრიორიტეტულობის პოლიტიკით“ დაძლევს. მან ასევე აღნიშნა, რომ სჯერა ირანის უნარის, „თავი დააღწიოს ამ ხაფანგებით სავსე პერიოდს“.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი კვლავაც „წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი ინიციატივისა, რომელიც ჩვენს რეგიონს გაურკვევლობაში ჩათრევის რისკის ქვეშ დააყენებს“.
შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარა ეწინააღმდეგება ირანის წინააღმდეგ ყოველგვარ სამხედრო ინტერვენციას და მიიჩნევს, რომ თეირანმა შიდა პრობლემები დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროს.
ფორუმი