გაეროს უფლებადამცველი: ირანი სიკვდილით დასჯას იყენებს, როგორც დაშინების იარაღს
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მიღებული ინფორმაციით, მხოლოდ გასული კალენდარული წლის განმავლობაში ირანმა 1 500 სიკვდილით დასჯა აღასრულა.
ფოლკერ თიურკმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ „სიკვდილით დასჯის მასშტაბები და ტემპი მიუთითებს უმაღლესი სასჯელის სისტემურ გამოყენებაზე, როგორც სახელმწიფო დაშინების იარაღზე, რაც განსაკუთრებით არაპროპორციულ გავლენას ახდენს ეთნიკურ უმცირესობებსა და მიგრანტებზე“.
თიურკის განცხადებით, მრავალი სიკვდილით დასჯა განხორციელდა „ისეთი სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით დადგენილ "უმძიმესი დანაშაულის" კრიტერიუმს“. მან ასევე გააკრიტიკა „იმ პირთა სიკვდილით დასჯის გაგრძელება, რომლებმაც დანაშაული ბავშვობაში ჩაიდინეს, ისევე როგორც აღსრულების პროცესის გარშემო არსებული მუდმივი გასაიდუმლოება“.
„ეს არა მხოლოდ შეუსაბამოა საერთაშორისო სამართალთან, არამედ არაეფექტურია დანაშაულის პრევენციისთვისაც,“ - აცხადებს ის.
სიკვდილით დასჯის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებით, რომლებიც არ მოიცავს განზრახ მკვლელობას.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, 2025 წელს ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების სულ მცირე 47 პროცენტი ნარკოდანაშაულს უკავშირდებოდა.
შირინ ებადი: ისლამური რესპუბლიკა "ფუნდამენტურად გამოუსწორებელია“
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, შირინ ებადიმ ფრანგულ გამოცემა Liberation-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის პოლიტიკური სისტემა „ფუნდამენტურად გამოუსწორებელია“ და ისეა სტრუქტურირებული, რომ შიგნიდან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული.
ინტერვიუში ებადი ამბობს, რომ ირანში დემოკრატიისა და პროგრესის მთავარი დაბრკოლება „ხელმძღვანელობის პოზიციაა“. მისი თქმით, რეალური ცვლილებების მისაღწევად აუცილებელია უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ხელისუფლებიდან „ჩამოცილება“.
უფლებადამცველი და ადვოკატი შირინ ებადი პირველი მუსლიმი ქალი და პირველი ირანელი გახდა, რომელმაც 2003 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო. ის 2009 წლიდან გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს.
ებადიმ გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნების მიდგომა ირანის მიმართ და აღნიშნა, რომ „ეგოისტურმა“ პოლიტიკამ და რეჟიმთან „კომპრომისის“ მცდელობებმა მხოლოდ სტატუს-კვოს შენარჩუნებას შეუწყო ხელი. ებადიმ ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაუდგნენ გვერდით ირანელ ხალხს და გააძლიერონ ზეწოლა ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობაზე.
ბოლოდროინდელ პროტესტებზე საუბრისას, ებადიმ განაცხადა, რომ ირანელმა ხალხმა არსებულ სისტემას აჯობა და ახლა ისინი ცდილობენ ჩამოაყალიბონ სეკულარული მთავრობა, რომელიც თავისუფალი იქნება რელიგიისგან.
ევროპარლამენტი ირანის კრიზისს განიხილავს
ჰანა ნოიმანმა, გერმანელმა პოლიტიკოსმა და ევროპარლამენტში ირანის საკითხებზე დელეგაციის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ევროპარლამენტარები ირანის საკითხს 20 იანვარს განიხილავენ, ხოლო ორი დღის შემდეგ რეზოლუციას უყრიან კენჭს.
ნოიმანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ იგი შეეცდება, პარლამენტმა მიიღოს მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც გამოხატავს „სრულ სოლიდარობას დემონსტრანტებისადმი, დაგმობს რეჟიმის მხრიდან ძალადობრივ დარბევას და დასჯის პასუხისმგებელ პირებს“.
ნოიმანი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) ევროკავშირის ტერორისტულ სიაში შევიდეს, გაიყინოს ირანული ბანკების აქტივები, რისკის ქვეშ მყოფ ირანელებს გადაეცეთ საგანგებო ვიზები და ქვეყნიდან გააძევონ დიპლომატები.
ჰილელ ნოიერი უარყოფს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, თითქოს დავოსის მიწვევა ისრაელის ზეწოლით გაუქმდა
საერთაშორისო იურისტმა და ორგანიზაცია UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰილელ ნოიერმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩის სოციალურ ქსელ X-ში მიმართა და განუცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ორგანიზატორებმა მისი ვიზიტი იმიტომ გააუქმეს, რომ იგი „პირდაპირ არის ჩართული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში“.
19 იანვარს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაცხადა, რომ გააუქმა არაყჩის მიწვევა სამიტზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბოლო კვირების განმავლობაში ირანში მშვიდობიანი მოქალაქეების ტრაგიკული დაღუპვა ნიშნავს, რომ წელს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლობა დავოსში მართებული არ არის“.
არაყჩიმ საპასუხოდ ფორუმი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი მიწვევა „სიცრუისა და ისრაელისგან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე“ გააუქმეს.
ნოიმერმა სცადა სიმართლის აღდგენა და არაყჩის X-ზე მისწერა, რომ თუ ის ამ კვირაში დავოსში მაინც ჩავიდოდა, „შვეიცარიის პროკურატურაში სისხლის სამართლის საჩივარი შევიდოდა“, მისი მტკიცებით, არაყჩის იმ როლის გამო, რომელიც მას ირანში „ათასობით დემონსტრანტის მასობრივ მკვლელობაში“ მიუძღვის.
ნოიერი და UN Watch-ი რეგულარულად ამხილებენ იმ რეჟიმების მხრიდან უფლებების დარღვევებს, რომლებიც ხშირად დომინირებენ გაეროს ფორუმებზე.
აღსანიშნავია, რომ 16 იანვარს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ (MSC), რომელიც 13-15 თებერვალს არის დაგეგმილი, ასევე გააუქმა არაყჩისა და ირანის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიწვევა.
ფორუმი