Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი

ირანში 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ნობელის პრემიის ლაურეატ უფლებადამცველ ნარგეს მოჰამადის - ლაივბლოგი

ფასების ზრდის, ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ირანელები ქუჩებში გამოვიდნენ - ეს ქვეყანაში ისლამური რეჟიმისთვის წლების განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი საპროტესტო გამოსვლებია.

მთავარი მოვლენები

18:34 20.1.2026

რუსეთი აცხადებს, რომ ირანთან ვაჭრობას არ შეწყვეტს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 20 იანვარს განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ ხედავს მიზეზს ირანთან ვაჭრობის შესაწყვეტად, აშშ-ის სანქციების მუქარის მიუხედავად.

12 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანთან ბიზნესს აწარმოებს, შეერთებულ შტატებთან ვაჭრობისას 25-პროცენტიანი ტარიფები დაუწესდება.

შეერთებული შტატები რუსეთს ისედაც ფართომასშტაბიან სავაჭრო სანქციებს უწესებს, განსაკუთრებით 2022 წლის თებერვალში მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

გასულ კვირას ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დადებულ შეთანხმებებს და „შეერთებული შტატები მასზე გავლენას ვერ მოახდენს“.

ლავროვმა ირანთან თანამშრომლობის მაგალითებად ისეთი პროექტები დაასახელა, როგორიცაა ბუშერის ატომური ელექტროსადგური და „ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს ამ შეთანხმებების განხორციელებას.

ბოლო წლებში ირანმა და რუსეთმა გააფართოვეს ეკონომიკური და სამხედრო კავშირები, მათ შორის, თეირანმა მოსკოვს მიაწოდა სამხედრო დრონები უკრაინაში ომისთვის.

21:32 20.1.2026

ახლად გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ესვრიან ძალოვნები, ირანში, 8 იანვარს დემონსტრანტებს და როგორ იჭრებიან შენობებსა და სახლებში, მათ დასაკავებლად ან საცემად

21:33 20.1.2026

ირანში დაღუპულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე ვერ დგინდება. უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს მონაცემებით, 24 ათასზე მეტი პროტესტის მონაწილე ახლა ირანის ციხეებშია გამოკეტილი.

მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, რომ მისი ინფორმაციით, სიკვდილით დასჯას აღარავის უპირებენ, ეს საშიშროება მაინც რჩება.

„ქმედებების მთელი რიგი შეფასებულია, როგორც მოჰარებე, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ისლამურ დანაშაულს წარმოადგენს,“ - განაცხადა ირანის სასამართლოს სპიკერმა ასგარ ჯაჰანგირმა 18 იანვარს პრესკონფერენციაზე. მოჰარებე ანუ „ღვთის წინააღმდეგ გალაშქრება“ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

14:31 21.1.2026

ნარგეს მოჰამადის ფონდი ირანს რეპრესიებისა და მკვლელობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ნარგეს მოჰამადის ფონდმა, რომელიც დაკავშირებულია უფლებადამცველთან და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატთან, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მოახდინოს ზეწოლა ისლამურ რესპუბლიკაზე მიმდინარე რეპრესიებისა და მკვლელობების შესაჩერებლად.

ფონდმა იმას, რაც ირანში ხდება უწოდა „ისლამური რესპუბლიკის მმართველობის ნათელი სურათი“, რომელიც ხასიათდება „მასობრივი მკვლელობებით, ინტერნეტის ბლოკადით, დაკავებულებით გადაჭედილი ციხეებითა და ნობელის პრემიის ლაურეატის პატიმრობის მე-40 დღით“.

20 იანვარს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ფონდმა ასევე მოითხოვა სიკვდილით დასჯის ყველა განაჩენის გაუქმება, ინტერნეტზე წვდომის აღდგენა, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ფაქტების დამდგენი საერთაშორისო კომიტეტის შექმნა.

ფონდმა აღნიშნა ირანელი ხალხის „არაჩვეულებრივი სიმამაცე და გამბედაობა“ საპროტესტო აქციების ახალ ტალღაში და მათი „წინააღმდეგობა ისლამური რესპუბლიკის დიქტატორული რეჟიმისადმი“, თუმცა ხელისუფლების პასუხი ხალხის პროტესტზე არის „ფართომასშტაბიანი და სისტემური ძალადობა“.

ფონდი წერს, რომ „ისლამური რესპუბლიკის მაღალჩინოსნებმაც კი, რომლებიც ყოველთვის იტყობინებოდნენ თავიანთ დანაშაულებზე რეალობაზე ბევრად დაბალ ციფრებს, ოფიციალურად დაადასტურეს ათასობით ადამიანის მკვლელობა“.

მედიასაშუალებებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, განცხადებაში აღნიშნულია 26 000-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება, ათასობით ადამიანის მძიმედ დაშავება და დაკავებული მომიტინგეების იძულებითი აღიარებების სახელმწიფო ტელევიზიით ტრანსლაციის გაგრძელება. ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მომიტინგეებისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენების გამოტანისა და აღსრულების თაობაზე შეშფოთება გაძლიერდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტერნეტის ბლოკადამ ირანში „პირდაპირ გამოიწვია ცენზურა, რეპრესიების გაძლიერება და ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევების დამალვა“.

ფონდი ითხოვს „ირანში დამოუკიდებელი ჟურნალისტების, საერთაშორისო მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების დაშვებას, ასევე მკვლელობების, წამების, იძულებითი გაუჩინარებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ სასიკვდილო იარაღის გამოყენების დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში სრული პასუხისმგებლობის დაკისრებით“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG