აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ ადასტურებს ირანელების ინტერნეტზე წვდომისადმი მხარდაჭერას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 იანვარს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ხაზგასმით აღნიშნა, მხარს უჭერს რომ ირანელი ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტი.
აშშ-ის სამთავრობო უწყებამ განმარტა, რომ ვაშინგტონის „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიზნად ისახავს „ირანის მთავრობას და არა მის ხალხს“.
„სწორედ ამიტომ, General License D-2 ითვალისწინებს სანქციებისგან გამონაკლისებს ინტერნეტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიებისთვის, რაც ირანელებს კავშირის შენარჩუნებაში ეხმარება“, - წერს დეპარტამენტი.
„ინტერნეტზე წვდომა უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას და სიმართლის გამოაშკარავებას. ირანის რეჟიმი მის გათიშვას იმიტომ ცდილობს, რომ ეშინია. ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს ამ წვდომას“.
აღნიშნული პოსტი გამოქვეყნდა ირანში ინტერნეტის თითქმის სრული ბლოკადიდან დაახლოებით 300 საათის შემდეგ. ინტერნეტის გათიშვა დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა გამწვავდა.
უფლებადამცველი ჯგუფი ირანში დაკავებულ დემონსტრანტებზე სექსუალური ძალადობის შესახებ იუწყება
„ქურთისტანის ადამიანის უფლებათა ქსელის“ წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის „რადიო ფარდასთან“ დაადასტურა, რომ ჯგუფმა მიიღო ცნობები უსაფრთხოების ძალების მიერ დაკავებულ მომიტინგეებზე სექსუალურ ძალადობაზე.
უფლებადამცველი კავე ქერმანშაჰი „რადიო ფარდას“ ესაუბრა გერმანიიდან, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს. 19 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დაკავებულების მიმართ გადამეტებული ძალისა და ძალადობის გამოყენების გარდა (რამაც ზოგიერთ შემთხვევაში მომიტინგეთა სიკვდილი გამოიწვია), მათ მიიღეს ინფორმაცია სექსუალური ძალადობის ფაქტებზეც.
„ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია ორი სხვადასხვა წყაროსგან - ადამიანებისგან, რომლებიც ერთად არ დაუკავებიათ, არამედ ქალაქ ქერმანშაჰის სხვადასხვა წერტილში აიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ მათ გვითხრეს, რომ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ცემის გარდა, მათი დაკავება მოიცავდა სექსუალურ შეურაცხყოფასაც“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი 17 წლის ბიჭია.
ქერმანშაჰის თქმით, ქურთული რეგიონების არაერთი მცხოვრები სასაზღვრო რაიონებში გაემგზავრა, რათა ქვეყნის შიგნით არსებული საკომუნიკაციო ბლოკადის პირობებში კავშირის დამყარება შეძლონ.
„საზღვართან სიახლოვემ გარკვეული კონტაქტები გახადა შესაძლებელი - ადამიანები აღწევენ სასაზღვრო ზონებს ან ერაყშიც კი გადადიან. ილამის პროვინციიდან ერთმა პირმა ფეხით გაიარა გზა მხოლოდ იმისთვის, რომ ნათესავებისთვის თავისი მდგომარეობის შესახებ შეეტყობინებინა. ამავდროულად, ერაყის ქურთისტანში მყოფი გავლენიანი ირანელი ქურთები საზღვართან მოდიან, რათა ირანული სიმ-ბარათები გამოიყენონ და სახლში დარეკონ. ეს კავშირები უკიდურესად რთულია“.
„გაითვალისწინეთ: ირანში ჩვეულებრივი ზარებიც კი კონტროლდება, ამიტომ ადამიანები დეტალებზე ღიად ვერ საუბრობენ; ხშირად ეს მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლება“, - თქვა მან. - „მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიპოვეთ ინფორმაციის შეგროვების შეზღუდული გზები ქურთულ ქალაქებში მიმდინარე დარბევების შესახებ, განსაკუთრებით მათზე, ვინც მოკლეს, დააპატიმრეს ან დაჭრეს“.
მან „რადიო ფარდას“ განუცხადა, რომ „ქურთისტანის ადამიანის უფლებათა ქსელმა“ მიიღო სარწმუნო ცნობები ირანში მომიტინგეთა სასიკვდილო დარბევის შესახებ.
„პროტესტის დაწყების დღიდან ჩვენ გვქონდა მრავალი შეტყობინება დაკავებულთა სასტიკი ცემის შესახებ. ერთ-ერთ ბოლო შემთხვევაში გამოვაქვეყნეთ ქალაქ საკეზის მკვიდრის სახელი, რომელიც ქურთისტანის პროვინციაში, ბიჯარის პროტესტის დროს დააკავეს: სორან ფაზიზადე“, - თქვა მან. - „მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახს დაკავების შემდეგ აცნობეს და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის წამების შედეგად დაიღუპა“.
„ქერმანშაჰის საავადმყოფოს ორმა წყარომ გვითხრა, რომ 8 იანვრის ღამეს და 9 იანვრის დილას, პროტესტების დროს მოკლული სულ მცირე 70 ადამიანის ცხედარი მიიტანეს. ჩვენ ამ 70-დან 53-ის დოკუმენტირება შევძელით: მათ შორის სამი ქალია, დანარჩენები ძირითადად მამაკაცები, უმეტესად ახალგაზრდები; ყველაზე დიდი რაოდენობა ილამისა და ქერმანშაჰის პროვინციებიდანაა“.
ირანში ინტერნეტის აღდგენასთან ერთად სულ უფრო მეტი კადრები ვრცელდება, რომლებიც სისხლიან დარბევებს ასახავს. რადიო თავისუფლების ირანულ სერვისს მოუყვნენ, როგორ ჩაცხრილეს სამსულიანი ოჯახი მანქანაში
თეირანიდან საპროტესტო გამოსვლების დროს დაზიანებული ქალაქის ფოტოები ვრცელდება.
ორგანიზაცია HRANA-ს მონაცემებით, ირანში აქციების დროს 3 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
საპროტესტო აქციები ირანში 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო - ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო. თანდათან მღელვარება მთელ ქვეყანას მოედო და მოთხოვნებმა პოლიტიკური ხასიათი შეიძინა.
ფორუმი