ირანელი პოლიტპატიმრების ფარული გზავნილები რეჟიმის წინააღმდეგ
ირანის ცნობილი „ევინის“ ციხის გავლენიანმა პოლიტპატიმრებმა რეჟიმის მიერ პროტესტის სისხლიანი დარბევა დაგმეს ციხიდან მალულად გამოტანილი წერილებით.
დაპატიმრებულმა აქტივისტმა, რეზა ხანდანმა წერილში, რომელიც 26 იანვარს მისმა მეუღლემ, ნასრინ სოტუდემ გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ იანვრის მოვლენები არ იყო მხოლოდ რეპრესიები, „არამედ ერის წელში გატეხისა და იმ "გადამწვარი მიწის" დატოვების მცდელობა, რომელსაც მანამდე გვპირდებოდნენ“.
ხანდანმა, რომელიც 2024 წლის დეკემბრიდან პატიმრობაში იმყოფება, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების სრული მასშტაბი ჯერ კიდევ გაურკვეველია და დასძინა: „რაც აქამდე დანამდვილებით დადგინდა, არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, საშინელი და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა... მსოფლიო პროტესტების [უახლეს] ისტორიაში“.
„ჩვენ და ყველა მოქალაქემ, უფლებადამცველმა და იურისტმა,“ - წერს ხანდანი - „უნდა მოვითხოვოთ სპეციალური სასამართლოს შექმნა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, რათა გასამართლდეს ყველა პირი, ვინც ამ მკვლელობებსა და რეპრესიებში მონაწილეობდა“.
„ევინის“ ციხის კიდევ ერთმა პოლიტპატიმარმა, აბოლფაზლ ღადიანიმ, საპროტესტო აქციების სისხლიან დარბევას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“ უწოდა.
ღადიანი წერს, რომ უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ „იცის, თუ რამდენად დიდ ზიზღს განიცდის მის მიმართ ირანელი ერი და ნათლად ხვდება, რომ ხალხი ამას აღარ მოითმენს“. მისივე თქმით, ეს დარბევა ხამენეის მხრიდან შურისძიება იყო.
ხანდაზმული პოლიტპატიმარი წერს: „რეჟიმის შეცვლის ყველაზე მშვიდობიანი და არაძალადობრივი გზაა, რომ ირანის კრიმინალმა და დიქტატორმა ალი ხამენეიმ შენდობა სთხოვოს ირანელ ხალხს, გადადგეს და გზა დაუთმოს მათ, რათა ირანელმა ერმა რეფერენდუმის გზით აირჩიოს სასურველი მთავრობა და შეცვალოს რეჟიმი“.
ირანულ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, თუ როგორ სცემენ ირანში ქალს უსაფრთხოების ძალები 8 იანვარს - მისი ვინაობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია
ექსპერტების თანახმად, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავს უყრის გამანადგურებლებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და ავიამზიდს ათასობით სამხედროთი, რაც ზრდის დაძაბულობას ირანის გარშემო და ძლიერდება იმის ალბათობაც, რომ ირანს შეიძლება მართა დაარტყან. მაგრამ როგორ? როდის? ამ დროს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, ირანს მოლაპარაკება სურს.
ტრამპმა ორშაბათს, 26 იანვარს Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია „ცვალებადია,“ რადგან მან რეგიონში „დიდი არმია“ გაგზავნა, თუმცა ფიქრობს, რომ თეირანს ნამდვილად სურს მორიგება.
დონალდ ტრამპი ირანს სამხედრო დარტყმებით ემუქრებოდა ადრეც, ასევე შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის დროს ათასობით ადამიანი მოკლა. ტრამპმა ცოტა ხნის წინ უკან დაიხია, თუმცა ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმა კვლავ არ გამორიცხა.
მაიკ პომპეო: ირანთან მოლაპარაკება შეუძლებელია
მაიკ პომპეო, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა, აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ირანის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
Fox News-თან ინტერვიუში პომპეომ აღნიშნა, რომ მისი რწმენით, ისლამური რესპუბლიკა უკან მხოლოდ ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიხევს.
მან ინტერვიუს ნაწილი საკუთარ X (ყოფილ Twitter) ანგარიშზეც გამოაქვეყნა და დაწერა: „ირანის დიქტატურამ შეიძლება თქვას, რომ შეთანხმება სურს, თუმცა ნებისმიერი მორიგება, რომელიც ამ რეჟიმს ხელისუფლებაში ტოვებს, არსებითად შეუთავსებელია რეგიონულ უსაფრთხოებასთან. ეს არ არის რეჟიმი, რომელთანაც მოლაპარაკება შესაძლებელია“.
ამავდროულად, პომპეო მიესალმა ირანის მიმართულებით აშშ-ის სამხედრო ხომალდების გაგზავნას და ხაზი გაუსვა ირანის მთავრობაზე გარედან ძლიერი ზეწოლის შენარჩუნების აუცილებლობას, რათა ქვეყნის შიგნით მყოფ ხალხს საკუთარი ბედის განსაზღვრაში დაეხმარონ.
ფორუმი