ევროკავშირმა ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ.
მანამდე ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები მთავრობის, სასამართლო სისტემის, პოლიციისა და IRGC-ის წევრების, ასევე იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინტერნეტის ცენზურაზე.
აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით, ახალი სანქციები დააწესა, რომელთა სამიზნე ირანის შვიდი მოქალაქე და, სულ მცირე, ერთი იურიდიული პირია - ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე.
"რეფორმისტული ფრონტი" ირანის გადასარჩენად „ფუნდამენტურ“ ცვლილებებს ითხოვს
„რეფორმისტულმა ფრონტმა“, რეფორმისტული პარტიების პოლიტიკურმა ალიანსმა, დამოუკიდებელი ფაქტების დამდგენი კომისიის შექმნა მოითხოვა, რათა გამოიძიონ ხელისუფლების მიერ მომიტინგეების სისხლიანი დარბევის ფაქტები.
გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფი აღნიშნავს, რომ ირანის გადარჩენის ერთადერთი გზა „ფუნდამენტური, დაუყოვნებლივი და სერიოზული ცვლილებებია“.
„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირანის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დაკარგა ნდობა ყველა იმ ინსტიტუტისა და რესურსის მიმართ, რომლებსაც მათი მოთხოვნები უნდა დაეცვა, წარმოეჩინა და აღესრულებინა. გამონაკლისი ამ ღრმა უნდობლობაში არც ’რეფორმისტული ფრონტი’ და არც რეფორმისტული მოძრაობა არ არის“.
განცხადება მოუწოდებს ირანის სასამართლო სისტემას, თავი შეიკავოს დაკავებულთა მიმართ ნაჩქარევი განაჩენების გამოტანისგან და პასუხისმგებლობა დააკისროს ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოს „სისტემის სისუსტისა და მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის უუნარობის გამო“.
„რეფორმისტული ფრონტი“ ასევე ითხოვს:
სამოქალაქო პროტესტისთვის უსაფრთხო სივრცის რაც შეიძლება მალე უზრუნველყოფას;
დაღუპულთა ოჯახებისთვის სამგლოვიარო ცერემონიების ჩატარების ნებართვის გაცემას;
დარბევის შედეგად ყველა მსხვერპლის გამო საყოველთაო გლოვის გამოცხადებას.
ტრამპი: ირანს შეთანხმების დადება სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ მას სჯერა, ირანს სამხედრო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად შეთანხმების მიღწევა სურს. მან ასევე დასძინა, რომ თეირანს პასუხისთვის კონკრეტული ვადა (დედლაინი) განუსაზღვრა, რომლის შესახებაც საჯაროდ არ საუბრობს, პარალელურად კი ამერიკული ხომალდები რეგიონისკენ მიემართებიან.
„შემიძლია ვთქვა, რომ მათ ნამდვილად სურთ შეთანხმების დადება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
კითხვაზე, დააწესა თუ არა კონკრეტული ვადა, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, დავაწესე“, თუმცა აღნიშნა, რომ „მხოლოდ მათ იციან ზუსტად“, თუ რა დრო აქვთ.
ირანზე აშშ-ის შესაძლო თავდასხმის შესახებ ტრამპმა თქვა: „ჩვენ გვყავს უზარმაზარი არმადა, ფლოტილია - რაც გინდათ ის უწოდეთ - რომელიც ახლა ირანისკენ მიემართება; ის იმაზე დიდიც კია, ვიდრე ვენესუელაში გვყავდა“.
ფორუმი