ირანელი სპორტსმენების ნაწილი ეროვნულ ნაკრებებს ტოვებს
ირანში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ირანელი სპორტსმენების ნაწილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისინი ტოვებენ ეროვნულ ნაკრებებს.
ირანელი კალათბურთელი, ბეჰნამ იახჩალი Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დროებით ტოვებს ირანის ეროვნულ ნაკრებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის „ხალხისადმი თანაგრძნობას“ ასახელებს.
იახჩალი წერს, რომ „ამ დღეებში ხალხის გულები უბედურია“ და აღნიშნავს, რომ ეროვნულ ნაკრებში არ დაბრუნდება იმ დრომდე, სანამ „გული არ დამშვიდდება“.
ის იმედს გამოთქვამს, რომ ერთ დღეს კვლავ შეძლებს „ირანისთვის, მშვიდი გულით ერთად დგომას“.
31 იანვარს, ქალთა საფეხბურთო კლუბის „გოლგოჰარ სირჯანის“ მოთამაშემ ზაჰრა ალიზადემ განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებს ტოვებს ირანელი ხალხის მხარდასაჭერად.
ხამენეი: ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა რეგიონულ ომს გამოიწვევს
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ იანვრის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები „გადატრიალებას“ შეადარა და გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯარების თავმოყრის შემდეგ ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა რეგიონულ ომს გამოიწვევს.
ირანის ხელისუფლების სასტიკ რეაგირებას საპროტესტო გამოსვლების მიმართ მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მუქარა, რომ ირანს შეუტევს, რისთვისაც რეგიონში ავიამზიდების ჯგუფი გაგზავნა.
„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი იქნება“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ და ირანელებს უთხრა, რომ „არ უნდა შეეშინდეთ“ ტრამპის სიტყვებისა.
გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო პერსონალი ირანში ექიმებისა და ექთნების დევნას გმობს
გაერთიანებული სამეფოს 130-ზე მეტმა ექიმმა, ექთანმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც გმობენ ირანში მედპერსონალის მიზანში ამოღებას დაშავებული მომიტინგეების მკურნალობის გამო.
წერილზე ხელმომწერებმა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობენ, „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ირანში ექიმებისა და ექთნების მიმართ მოპყრობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშების გამო. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „სამედიცინო ნეიტრალიტეტი არ არის პოლიტიკური საკითხი, ხოლო მედიკოსების დასჯა სიცოცხლის გადარჩენისთვის თავად მედიცინის საფუძვლებზე თავდასხმაა“.
წერილში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელ ანგარიშებზე დაყრდნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაშავებულთა მკურნალობის გამო არაერთ სამედიცინო მუშაკს დაემუქრნენ, დააკავეს ან დააპატიმრეს, საავადმყოფოები კი მეთვალყურეობისა და დაკავების ადგილებად იქცა.
ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ქმედებები სამედიცინო ეთიკისა და მკურნალობის მიუკერძოებლობის პრინციპის აშკარა დარღვევაა. ხელმომწერებმა მოუწოდეს საერთაშორისო სამედიცინო ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებსა და ბრიტანეთის მთავრობას, საჯაროდ დაგმონ ეს შემთხვევები, მოითხოვონ ირანში სამედიცინო პერსონალის დაცვა და ამ თავდასხმების ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
ტრამპი ამბობს, რომ ირანთან შეთანხმების იმედი ჰქონდა, მაშინ როცა ხამენეი რეგიონული ომის შესახებ ლაპარაკობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანთან შეთანხმების მიღწევის იმედი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გააფრთხილა, რომ ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის თავდასხმას შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოეწვია.
„რა თქმა უნდა, ის ამას იტყვის,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს 1 თებერვალს, როდესაც მას ხამენეის გაფრთხილების შესახებ ჰკითხეს. - „თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ ვნახავთ, მართალი იყო ის თუ არა".
დღის პირველ ნახევარში სახელმწიფო მედიამ ციტირება გაუკეთა ხამენეის სიტყვებს, რომ „ირანელი ერი არ უნდა შეშინდეს“ აშშ-ის მუქარის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა ძალები, რომელთაც ტრამპმა „არმადა“ უწოდა.
„ირანელი ერი ძლიერ დარტყმას მიაყენებს ნებისმიერს, ვინც მას თავს დაესხმება და შეავიწროებს,“ - თქვა ხამენეიმ.
ფორუმი