Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

15:50 28.3.2026

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

“ერთი ადამიანი დაიღუპა და სხვა რამდენიმე დაიჭრა ირანის ბალისტიკური რაკეტით დარტყმის შედეგად, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, პარასკევს, გვიან”, - ადგილობრივი გამოცემა იუწყება, რომ დაღუპული 52 წლის კაცია, რომელიც არ იმყოფებოდა თავშესაფარში. ის დაცვის სამსახურში მუშაობდა და დაიჭრა მანამდეც, ირანის მხრიდან თავდასხმის შედეგად, ომის დაწყების პირველ დღეს.

15:50 28.3.2026

“ეს არ იქნება გაჭიანურებული კონფლიქტი“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან, აეროპორტში, საფრანგეთში გამართული “დიდი შვიდეულის” შეხვედრის შემდეგ და კიდევ ერთხელ ჩამოთვალა აშშ-ის მიზნები ირანის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რაც, მისი თქმით, თავიდანვე იყო ნათელი.

23:25 28.3.2026

უკრაინა უარყოფს ირანის განცხადებას დუბაიში ანტიდრონების საწყობის განადგურების შესახებ

უკრაინამ კატეგორიულად უარყო ირანის განცხადება იმის შესახებ, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) დუბაიში უკრაინული ანტიდრონების საწყობი გაანადგურა და ამას დეზინფორმაცია უწოდა.

„ეს არის სიცრუე. ჩვენ ოფიციალურად უარყოფთ ამ ინფორმაციას“, - განუცხადა ჟურნალისტებს 28 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გიორგი ტიხიმ და დასძინა, რომ ისლამური რესპუბლიკა „ხშირად ახორციელებს მსგავს დეზინფორმაციულ კამპანიებს“.

IRGC-ის „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალურმა შტაბმა - ირანის სამხედრო ცენტრალურმა სარდლობამ - განაცხადა, რომ მისმა საჰაერო-კოსმოსურმა და საზღვაო ძალებმა განახორციელეს კომბინირებული ოპერაცია იმ ობიექტის გასანადგურებლად, რომელიც, მათი თქმით, მხარს უჭერდა აშშ-ის სამხედროებს. უწყება ასევე ამტკიცებდა, რომ დარტყმის მომენტში ადგილზე უკრაინის 21 მოქალაქე იმყოფებოდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და აშშ-ს მომხდარზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სპარსეთის ყურეში ირანის საპასუხო ქმედებების ძირითადი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო - საამიროების საჰაერო თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 2 200 დრონი და რაკეტა მოიგერიეს მას შემდეგ, რაც თეირანმა 28 თებერვალს აშშ-ისრაელის ოპერაციის საპასუხოდ კამპანია დაიწყო.

23:28 28.3.2026

რუსეთმა ირანში მდებარე ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან კიდევ 163 თანამშრომელი გაიყვანა

დასავლეთ ირანში მდებარე ბუშერის ატომური ელექტროსადგურის რუსულმა ოპერატორმა, „როსატომმა“, კიდევ 163 თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელა და განაცხადა, რომ ობიექტზე ვითარება კვლავ ფეთქებადსაშიშია.

27 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ თეირანმა მიაწოდა ინფორმაცია კიდევ ერთი დარტყმის შესახებ, რომელიც ბუშერის მახლობელ ტერიტორიაზე განხორციელდა. ეს ბოლო 10 დღის განმავლობაში მსგავსი ტიპის მესამე ინციდენტია.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი რეაქტორის დაზიანება ან რადიაციის გაჟონვა არ დაფიქსირებულა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ატომური სადგურის სიახლოვეს განხორციელებული თავდასხმის „ცალსახა და მკაცრი დაგმობისკენ“ მოუწოდა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ... IAEA-ს გენერალური დირექტორი შეძლებს დაუყოვნებლივ და ცალსახად გადასცეს აგრესორებს მარტივი გზავნილი: „დროა გაჩერდეთ!“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე რუსული წარმოების ბუშერის სადგური ირანის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურია; იგი მუშაობს რუსეთში და არა ირანში წარმოებულ ურანზე და მას IAEA აკონტროლებს. რუსეთმა უკვე მოახდინა პერსონალის ნაწილის ევაკუაცია, თუმცა ადგილზე კვლავ რჩება ასობით თანამშრომელი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG