სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო დაშავდა, 27 მარტის საღამოს საუდის არაბეთში, ერ-რიადის მახლობლად მდებარე „პრინც სულთანის“ ავიაბაზაზე თავდასხმისას, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული.
ამის შესახებ წერენ The New York Times და The Wall Street Journal უცნობ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, დაშავებულთაგან ორი მძიმედაა. სამხედროები შენობაში იმყოფებოდნენ, როდესაც მას ჭურვი მოხვდა.
მედიის ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა მინიმუმ ერთი რაკეტით და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატით. დაზიანდა რამდენიმე საჰაერო ტანკერიც.
28 მარტს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა CBS News-ს უთხრა, რომ 27 მარტის მდგომარეობით, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, საერთო ჯამში 303 ამერიკელი სამხედრო დაშავდა. მათგან 273 უკვე დაუბრუნდა სამსახურს.
აშშ-ის სამხედრო უწყება ირანში რამდენიმე კვირიანი სახმელეთო ოპერაციების გეგმებს ამზადებს - იტყობინება "ვაშინგტონ პოსტი" 28 მარტს, გვიან ღამით, აშშ-ის ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით
თეთრი სახლი კი მიანიშნებს, რომ ნებისმიერი მსგავსი მომზადება სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან რუტინული, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის განკუთვნილი დაგეგმარებაა.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ არ არის დაზუსტებული, დაამტკიცებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენტაგონის გეგმებს სახმელეთო ძალების გამოყენების შესახებ.
როგორც გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ნებისმიერი პოტენციური სახმელეთო ოპერაცია არ იქნება სრულმასშტაბიანი ინტერვენცია და ის, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმების ოპერაციებისა და რეგულარული ქვეითი ნაწილების კომბინაციას მოიცავს.
ეს ანგარიში ვრცელდება იმ დროს, როდესაც ტრამპმა გასცა ბრძანება რამდენიმე ათასი საზღვაო ქვეითის, ელიტური 82-ე სადესანტო დივიზიის დაახლოებით 2 000 წევრისა და სხვა ქვედანაყოფების რეგიონში უკვე არსებულ 50 000-იან კონტინგენტთან შეერთების შესახებ. რეგიონში ასევე იმყოფება ან გზაშია სამხედრო-საზღვაო ძალების არაერთი სადესანტო და სხვა ტიპის საბრძოლო ხომალდი.
აშშ-ის ანონიმურმა მაღალჩინოსნებმა Post-ს განუცხადეს, რომ დაგეგმარების პროცესი კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა. ირანთან აშშ-ისრაელის ომის შესახებ კომენტარებში, რომელიც უკვე მეორე თვეში გადადის, ტრამპი ერთმანეთს უნაცვლებს უფრო მასშტაბური თავდასხმების მუქარასა და სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობას.
გამოცემა იტყობინება, რომ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლივიტმა მათ კითხვებს შემდეგნაირად უპასუხა: „პენტაგონის სამუშაოა მოამზადოს გეგმები, რათა მთავარსარდალს არჩევანის მაქსიმალური შესაძლებლობა მისცეს. ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს“.
ოფიციალურმა პირებმა Post-ს განუცხადეს, რომ ადმინისტრაციაში გამართული დისკუსიები შეეხო კუნძულ ხარქის დაკავების შესაძლებლობას, რომელიც ირანის საკვანძო ნავთობტერმინალი და ქვეყნის ეკონომიკური მანქანის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
სხვა განხილული ვარიანტები მოიცავდა რეიდებს სანაპირო ზონებში ჰორმუზის სრუტესთან, რომელიც ირანმა ფაქტობრივად დაბლოკა, რამაც ნავთობისა და გაზის გადაზიდვების შეფერხება და მსოფლიო ფინანსური ბაზრების რყევა გამოიწვია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, პარიზში „დიდი შვიდეულის“ (G7) შეხვედრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეძლებს ომის მიზნების მიღწევას სახმელეთო ჯარების საჭიროების გარეშე.
თავად ტრამპმაც შეამცირა სახმელეთო ჯარების გამოყენების შესაძლებლობა და ერთ მომენტში თქვა, რომ ის არ გეგმავდა ჯარების გაგზავნას „არსად“, თუმცა, როგორც ჩანს, დატოვა შესაძლებლობა იმ შემთხვევისთვის, თუკი ეს აუცილებელი გახდება.
ირანი პაკისტანის დროშით მცურავ 20 გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის ნებართვა მისცა. ეს ინფორმაცია პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ისჰაკ დარმა თავის ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.
ირანმა განაცხადა, რომ მზად არის აშშ-ის სახმელეთო თავდასხმას უპასუხოს და ვაშინგტონი სახმელეთო იერიშის მომზადება დასდო ბრალად მიუხედავად იმისა, რომ ის მოლაპარაკებას ცდილობს და რეგიონული ძალები პაკისტანში ომის შეწყვეტის მიზნით იკრიბებიან.
ფორუმი