ირანში უკვე მეორე დღეა, გრძელდება აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის, F-15E-ის ტიპის გამანადგურებლის, პილოტის ძებნა. თვითმფრინავი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ჩამოაგდეს.
ხომალდის ეკიპაჟი ორი პირისგან შედგებოდა. ერთ-ერთი პილოტის გადარჩენა და ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოხერხდა აშშ-ის სამხედროების ოპერაციის შედეგად, მეორე მფრინავს კვლავაც ეძებენ. ირანის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას ძიების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და ანაზღაურებას დაჰპირდა.
პენტაგონს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია თვითმფრინავის დაკარგვაზე, თუმცა თეთრ სახლში არ უარყოფენ ცნობას, რომ ხომალდი ჩამოაგდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მომხდარი არ იქონიებს გავლენას აშშ-ის პოზიციაზე ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მედიაში ვრცელდება მოსაზრება, რომ პილოტის ირანის ხელისუფლების ტყვეობაში აღმოჩენა აშშ-ს გაურთულებს საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას.
ირანმა ჰორმუზის სრუტის გავლის ნებართვა მისცა თავისი პორტებისკენ მომავალ, აუცილებელი საჭიროების საქონლით დატვირთულ ხომალდებს. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის მიერ შაბათს გამოქვეყნებულ ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით.
წერილის თანახმად, ხომალდებმა, რომლებიც ირანის პორტებისკენ მოძრაობენ, - მათ შორის მათ, რომლებიც ამჟამად ომანის ყურეში იმყოფებიან, - ხელისუფლებასთან კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ და უნდა დაიცვან სრუტის გავლისთვის შემოღებული წესები.
- დასავლურ მედიაში ვრცელდება ცნობები ირანის მხრიდან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.
- ეს ბოლო ორ დღეში მეორე შემთხვევაა.
- პირველი თვითმფრინავის შემთხვევაში ერთი პილოტი გადარჩა, მეორეს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
- მეორე ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტი გადარჩა.
ტრამპმა 4 აპრილს ირანის რეჟიმს მიმართა, რომ "დრო იწურება" და რომ მან შეთანხმება უნდა გააფორმოს, ან გახსნას ჰორმუზის სრუტე - წინააღმდეგ შემთხვევაში მას "ჯოჯოხეთი" ემუქრება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 4 აპრილს ირანის რეჟიმს მიმართა, რომ "დრო იწურება" და რომ მან შეთანხმება უნდა გააფორმოს, ან გახსნას ჰორმუზის სრუტე - წინააღმდეგ შემთხვევაში მას "ჯოჯოხეთი" ემუქრება. ამით ტრამპმა გაიმეორა მანამდე გამოთქმული მუქარა, რომ ირანი "ქვის ხანაში" დაბრუნდება.
"ხომ გახსოვთ, ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. დრო იწურება - 48 საათი დარჩა მანამ, სანამ მათ ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს. დიდება ღმერთს!" - წერს ტრამპი თავის პლატფორმაზე Truth Social.
ტრამპს ირანისთვის აქამდეც დაუწესებია ბოლო ვადები შეთანხმების დასადებად, ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. ამ სრუტეზე გადის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გლობალური მარაგის დაახლოებით 20 პროცენტი. თეირანმა სრუტე ფაქტობრივად დახურა, რასაც მსოფლიოში ენერგეტიკის კრიზისი მოჰყვა.
სააგენტო Reuters-ი ამერიკის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით 4 აპრილს იუწყება, რომ ირანი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს ხომალდების თავისუფალი გადაადგილებისთვის, რადგან ამ სრუტეზე კონტროლი თეირანისთვის არის ერთადერთი რეალური ბერკეტი აშშ-ზე გავლენის მოსახდენად.
ფორუმი